ჯადოსნური კარი


             
      ყველა წიგნი პატარა ჯადოსნური კარია. ყოველი კარის უკან განსხვავებული სამყარო იმალება. ახალ წიგნს სანამ დაიწყებ, ემზადები, წინასწარ სიხარულით ფიქრობ, რომ ისევ საინტერესო მოგზაურობა გელის. გადაშლი ფერად ყდას და კარიც იღება. შედიხარ, წინ მიიწევ, ყველაფერს ათვალიერებ, ვიღაცეებს გაიცნობ, ზოგი ისე მოგწონს, მათთან ერთად დადიხარ, მათსავით გრძნობ. ზოგჯერ კისრისტეხით გარბიხარ, ისე გაინტერესებს, იმ მოსახვევის მიღმა რაღა იქნება. ზოგჯერ კი ნელა მიზოზინებ, უკან იხედები ან წინ ხტები, იქნებ იქ უკეთესი რამე დაგხვდეს. მოგზაურობას ამთავრებ და კარსაც გამოიხურავ – უმეტესად გულდაწყვეტილი, რომ დამთავრდა, ზოგჯერ თვალცრემლიანიც კი, ხან კი გახარებული ხარ, თავი რომ დააღწიე.
              თუმცა ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება. „სამოსელი პირველის“ მწვანე კარი რომ გავაღე, მივხვდი, რომ მოვედი. შევედი და... დავრჩი. იმდენი ხანია უკვე აქ ვარ, ყველა მიცნობს. მათთან ერთად ვიარე  და ყველა ქალაქი მიყვარს, იმიტომ რომ მათ საბოლოოდ კანუდოსში მიმიყვანეს. აგერ,  მანუელო თავის მანუელას ყვავილების გვირგვინს ადგამს თავზე, მარიამ–გვირილა კი ხის უკან კი არ იმალება, ხელით მზეს იჩრდილავს და ამაყად წელგამართული შეჰყურებს ზეს. ყველა თავის საყვარელ ქალაქს უვლის.
            ზოგჯერ მათ ვტოვებ და კამორას და ლამაზ–ქალაქს ვუბრუნდები, იქნებ სადმე ჭერზე ლაქას მოვკრა თვალი.
             მხოლოდ ერთი ადგილი არ მიყვარს, ყურებზე ხელს ვიფარებ და თვალდახუჭული მოვრბივარ, რომ არ დავინახო, როგორ დგას მოხუცი სანტოსი საფლავებს შორის, არ გავიგონო, როგორ უყვება მირცას ყოველდღიურ ამბებს.
            ზოგჯერ ჩემნაირად მოსულ და აქ დარჩენილ ხალხსაც ვხედავ... :)
            ახლა ცოტა ხანი მდინარის პირას ჩამოვჯდებით მე და ჟოაო აბადო, იქნებ დონ დიეგომ მდინარიდან გამოაჭენოს ცხენი.


მწვანე კარს აქეთ კი... ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, თუ ოდესმე მისი სამოსელი პირველი დაიწვება, დიდ ამეთვისტოში ჩემს სახეს დაინახავს :*

Жил-был пёс

"მშობლიური" საბჭოთა მულტფილმი. არასდროს მომბეზრდება.  "იმ დროის და ქვეყნის" ნოსტალგიის ნასახიც არ მაქვს, უბრალოდ ობიექტურად უნდა ვაღიარო – გენიალურია. ეს როგორ უნდა ახსნა – ამას/იმას/ცხოვრებას/ხალხს ასახვს? – არა , უბრალოდ შედევრია, გენიალურია და მორჩა. ოღონდ ეგაა, რომ მიუხედავად ინგლისური ტიტრებისა, რუსული ენა თუ არ იცი ( ცოდნაში ვგულისხმობ ბუნებრივი, ხალხის ენის ცოდნას), უბრალოდ მოძრავ ნახატებს უყურებ და აზრიც –0.

კლასიკა

დავიღალე, დავიხრჩვი ამ მაღალმხატვრული ნაწარმოებებისგან.

რომელი უნდა მომწონდეს?


ეს:

"სული კი...სული გულგახეთქილი ჩიტივით ფრთხიალებდა გულისამრევად თბილ სხეულში. სქელ სიჩუმეს მოღალატე წვიმის წვეთები უმოწყალოდ აშიშვლებდნენ და ხარხარით ასკდებოდნენ სახეაზელილ მიწას, რომელიც უსირცხვილოდ ბღუჯავდა წყლადქცეულ იმედს. კმაყოფილებით სავსე სხეულში სიკვდილმისჯილი პატიმარივით ბორგავდა სული. მაგრამ უზომოდ ძვირფასი იყო თავისი დამპალი ლეში, არ უნდოდა მისი სიკვდილი, ეშინოდა თავისუფლების, რადგან მხოლო ასეთი უყვარდა თავისი თავი – უსამართლოდ ტანჯული და დატეხილი, რადგან მხოლოდ ცოდვით აშმორებული სხეულის ფონზე ჩანდა ფაქიზი და სიფრიფანა. თორემ... განა არ იცოდა, რომ თვით გარყვნილ წვიმასაც კი არ ენახა ისეთი სიმახინჯე, როგორიც თვითონ იყო, თვით ყველაზე ამაზრზენ მიწასაც კი გაუკვირდებოდა, მისი სიბინძურე რომ დაენახა."

 თუ ეს:

"ღამე და ძილი –მუხანათები არიან. ისე ახლოს ვიყავით, როგორც შეიძლება იყონ ადამიანები. და უეცრად ძილმა გაგვთიშა. ნელა მოჟონავდა, უღიმღამო, უფერული – ჯერ ლაქა, მერე კიდევ და კიდევ... კეთრივით წვებოდა ჩვენს აზრებზე, შეუცნობელი წყვდიადიდან აღწევდა ჩვენს სისხლში, წვეთ–წვეთობით იღვრებოდა ჩვენს არსებაში სიბრმავე, და ანაზდად ყოველი ჩვენგანი მარტო დარჩა, და სრულ მარტოობაში სადღაც ბნელ არხებში შევცურეთ, იდუმალ ძალთა და უსახო მუქარის ძალაუფლებას მინდობილი. გამეღვიძა, დაგინახე. გეძინა. ჯერ კიდევ შორს, ძალიან შორს იყავი. სულ დამისხლტი ხელიდან. ჩემზე არარაფერი იცოდი. იქ აღმოჩნდი, სადაც ვერ გამოგყვებოდი. განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველ ღამე დაძინებისთანავე გკარგავ?"

:facepalm: 

წავედი მე სალტკროკაზე

1+1=∞


             ბევრი განმარტება გამიგია სიტყვა "ოჯახზე". მათში ფიგურირებს ერთგულება, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ნდობა, ზრუნვა, იმედი, მეგობრობა.
            ყოველთვის მინდოდა მეც გამომეხატა აზრი , მაგრამ ვერასდროს სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. 
           უბრალოდ ვხვდები, რომ არსებობს ერთადერთი სრულყოფილი და ამომწურავი სიტყვა – საიდუმლოება.

            მეუღლე – ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც სიცოცხლეს აზრი აქვს, და შვილი, რომლის გამოც უყოყმანოდ გასწირავ სიცოცხლეს.