ყველა წიგნი პატარა ჯადოსნური კარია. ყოველი კარის უკან განსხვავებული სამყარო იმალება. ახალ წიგნს სანამ დაიწყებ, ემზადები, წინასწარ სიხარულით ფიქრობ, რომ ისევ საინტერესო მოგზაურობა გელის. გადაშლი ფერად ყდას და კარიც იღება. შედიხარ, წინ მიიწევ, ყველაფერს ათვალიერებ, ვიღაცეებს გაიცნობ, ზოგი ისე მოგწონს, მათთან ერთად დადიხარ, მათსავით გრძნობ. ზოგჯერ კისრისტეხით გარბიხარ, ისე გაინტერესებს, იმ მოსახვევის მიღმა რაღა იქნება. ზოგჯერ კი ნელა მიზოზინებ, უკან იხედები ან წინ ხტები, იქნებ იქ უკეთესი რამე დაგხვდეს. მოგზაურობას ამთავრებ და კარსაც გამოიხურავ – უმეტესად გულდაწყვეტილი, რომ დამთავრდა, ზოგჯერ თვალცრემლიანიც კი, ხან კი გახარებული ხარ, თავი რომ დააღწიე.
თუმცა ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება. „სამოსელი პირველის“ მწვანე კარი რომ გავაღე, მივხვდი, რომ მოვედი. შევედი და... დავრჩი. იმდენი ხანია უკვე აქ ვარ, ყველა მიცნობს. მათთან ერთად ვიარე და ყველა ქალაქი მიყვარს, იმიტომ რომ მათ საბოლოოდ კანუდოსში მიმიყვანეს. აგერ, მანუელო თავის მანუელას ყვავილების გვირგვინს ადგამს თავზე, მარიამ–გვირილა კი ხის უკან კი არ იმალება, ხელით მზეს იჩრდილავს და ამაყად წელგამართული შეჰყურებს ზეს. ყველა თავის საყვარელ ქალაქს უვლის.
ზოგჯერ მათ ვტოვებ და კამორას და ლამაზ–ქალაქს ვუბრუნდები, იქნებ სადმე ჭერზე ლაქას მოვკრა თვალი.
მხოლოდ ერთი ადგილი არ მიყვარს, ყურებზე ხელს ვიფარებ და თვალდახუჭული მოვრბივარ, რომ არ დავინახო, როგორ დგას მოხუცი სანტოსი საფლავებს შორის, არ გავიგონო, როგორ უყვება მირცას ყოველდღიურ ამბებს.
ზოგჯერ ჩემნაირად მოსულ და აქ დარჩენილ ხალხსაც ვხედავ... :)
ახლა ცოტა ხანი მდინარის პირას ჩამოვჯდებით მე და ჟოაო აბადო, იქნებ დონ დიეგომ მდინარიდან გამოაჭენოს ცხენი.
მწვანე კარს აქეთ კი... ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, თუ ოდესმე მისი სამოსელი პირველი დაიწვება, დიდ ამეთვისტოში ჩემს სახეს დაინახავს :*
0 Response to "ჯადოსნური კარი"
Post a Comment