გაზაფხულზე პირველად მერცხლები რომ მოფრინდებიან ხოლმე, რატომღაც სულ ჩემი ბავშვობის ზაფხულები მახსენდება...
ბაბუაჩემი მკაცრი კაცი იყო, მაღალი, ხმელ–ხმელი, ცივი...მთელი ცხოვრება ნომენკლატურა იყო, სულ თანამდებობებზე მუშაობდა: აღმასკომის თავმჯდომარე, ბანკის (თუ რაც იყო მაშინ) მმართველი,
16 წლის რომ გავხდი, რატომღაც ძალიან დიდი სუფრა გაშალა ( ზაფხულში მქონდა დაბადების დღე და საჩუქარი კი არა , მგონი სიტყვითაც არ მოულოცავს არასდროს), რა თქმა უნდა , თამადა იყო. და შუა ქეიფში მესმის:
–ბაბუ, მოდი აქ!
ხმა კი ვიცანი, მაგრამ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მე მეძახდა. გაოცება არ შევიმჩნიე და მივედი. ხელი გადამხვია ( აქ კი არ ვიცი, მოვახერხე თუ არა გაკვირვების დამალვა), თავი ჩაღუნა ( ან ეს) და ყოველგვარი პათოსის გარეშე, უბრალოდ მითხრა:
–ბაბუ, ოთხი შვილი გავზარდე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი შენ გამხადე, ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ ჩემთვის, მისაბაძიც კი, ყველაზე დიდ პატივს შენ გცემ ამქვეყანაზე, აქამდე არაფერი მითქვია და არც მერე გეტყვი არაფერს, არცაა საჭირო, გიცნობ და ვიცი, არაფერი შეგეშლება ცხოვრებაში...
რამდენიმე წუთით აზროვნების უნარი დავკარგე, უცებ გავიზარდე, გავიზარდე, დიიიდიი, დიიდიი, და ჩემს გარშემო დაფრინავდნენ სიტყვები – თურმე ვყვარებივარ, თურმე ვყვარებივარ....
May 5, 2011 at 2:26 AM
როგორ გვჭირდება ხოლმე სიტყვით თქმა, მოფერება – კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამაზე. ხომ არიან ასეთი ადამიანები, მკაცრები, ან უბრალოდ უთქმელები და ვინ იცის, რამდენ სითბოს ატარებენ გულით ჩუმად...
May 7, 2011 at 2:25 AM
იქნებ უნდათ კიდეც, მაგრამ გრძნობის გამოხატვას ვერ ახერხებენ. მათი ერთი ნათქვამი სხვის ათს უდრის