ბაბუ

          გაზაფხულზე პირველად მერცხლები რომ მოფრინდებიან ხოლმე, რატომღაც სულ ჩემი ბავშვობის ზაფხულები მახსენდება...
          ბაბუაჩემი მკაცრი კაცი იყო, მაღალი, ხმელ–ხმელი, ცივი...მთელი ცხოვრება ნომენკლატურა იყო, სულ თანამდებობებზე მუშაობდა: აღმასკომის თავმჯდომარე, ბანკის (თუ რაც იყო მაშინ) მმართველი,

კომპარტიის თავმჯდომარე, მოკლედ, მთელ რაიონს აზანზარებდა... წელიწადში ერთხელ დაილაპარაკებდა და ისიც ვინმესთვის შენიშვნა რომ მიეცა. ქუჩაში რომ გაივლიდა, ხალხი ჩუმდებოდა და მგონი თავსაც კი უკრავდნენ... სახლში ნათქვამი არ ქონდა, სახის გამომეტყველებით ხვდებოდა ყველა რაც უნდოდა და წამსვე სრულდებოდა... 16 წლის მანძილზე ყოველ ზაფხულს მათთან ვატარებდი, ბებია ბებია იყო – თბილი, ჭკვიანი, სათვალის მოძულე და უგემრიელესი ხაჭაპურის (არამარტო) ოსტატი, მაგრამ ბაბუა...სულ სამჯერ თუ ექნებოდა ჩემზე რამე ნათქვამი :"აჭამეთ ამ ბავშვს რამე"–ს მაგვარი. ჩვენი "ურთიერთობა" დღეში ნახევარი საათით შემოიფარგლებოდა – სადილობისას, ზუსტად პირველ საათზე, რომლის განმავლობაში დამუნჯებული ვიყავი და თავის აწევას ვერ ვბედავდი. არადა, ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი ყველანაირი გაგებით – თუ სწავლით, თუ თავაზიანობით, ყველას ვუყვარდი, მეორე ბაბუასთან საოცარი დამოკიდებულება მქონდა – სულ კუდში დავსდევდი, ერთად ვიპარავდით მეზობლის ლეღვს და თუთას და პირმოთხუპნულები ვჭიდაობდით, ამასთან კი... საოცარი კონტრასტი, საერთოდ ვერ მამჩნევდა...
            16 წლის რომ გავხდი, რატომღაც ძალიან დიდი სუფრა გაშალა ( ზაფხულში მქონდა დაბადების დღე და საჩუქარი კი არა , მგონი სიტყვითაც არ მოულოცავს არასდროს), რა თქმა უნდა , თამადა იყო. და შუა ქეიფში მესმის:
            –ბაბუ, მოდი აქ!
ხმა კი ვიცანი, მაგრამ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მე მეძახდა. გაოცება არ შევიმჩნიე და მივედი. ხელი გადამხვია ( აქ კი არ ვიცი, მოვახერხე თუ არა გაკვირვების დამალვა), თავი ჩაღუნა ( ან ეს) და ყოველგვარი პათოსის გარეშე, უბრალოდ მითხრა:
            –ბაბუ, ოთხი შვილი გავზარდე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი შენ გამხადე, ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ ჩემთვის, მისაბაძიც კი, ყველაზე დიდ პატივს შენ გცემ ამქვეყანაზე, აქამდე არაფერი მითქვია და არც მერე გეტყვი არაფერს, არცაა საჭირო, გიცნობ და ვიცი, არაფერი შეგეშლება ცხოვრებაში...
             რამდენიმე წუთით აზროვნების უნარი დავკარგე, უცებ გავიზარდე, გავიზარდე, დიიიდიი, დიიდიი, და ჩემს გარშემო დაფრინავდნენ სიტყვები – თურმე ვყვარებივარ, თურმე ვყვარებივარ....

2 Response to "ბაბუ"

  1. Keti says:
    May 5, 2011 at 2:26 AM

    როგორ გვჭირდება ხოლმე სიტყვით თქმა, მოფერება – კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამაზე. ხომ არიან ასეთი ადამიანები, მკაცრები, ან უბრალოდ უთქმელები და ვინ იცის, რამდენ სითბოს ატარებენ გულით ჩუმად...

  2. makdoli says:
    May 7, 2011 at 2:25 AM

    იქნებ უნდათ კიდეც, მაგრამ გრძნობის გამოხატვას ვერ ახერხებენ. მათი ერთი ნათქვამი სხვის ათს უდრის