როგორ გაჩნდა ცისარტყელა (ზღაპარი)

 ერთ ფერად ქვეყანაში ერთი ლამაზი გოგონა ცხოვრობდა. ის ჩვულებრივი გოგონა არ იყო – მისი თმები ყოველდღე სხვადასხვა ფერის ყვავილებს ისხამდა. ორშაბათს – წითელს, სამშაბათს – ნარინჯისფერს, ოთხშაბათს – ყვითელს, ხუთშაბათს – მწვანეს, პარასკევს – ცისფერს, შაბათს – ლურჯს და კვირას – იასამნისფერს. ყველას უყვარდა ლამაზი გოგონა და ისიც ბედნიერად ცხოვრობდა.



    ერთ დღეს ლამაზ გოგონასთან ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი კაცი მივიდა.
    –მე უფერული ქვეყნიდან ვარო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – დიდი გზა გამოვიარე, შენთან რომ მოვსულიყავიო.
    –შენი ქვეყანა უფერული რატომ არისო? – ჰკითხა გოგონამ.
    –როდესაც ქვეყანაში ყველა მოწყენილია, ბოროტი ჯადოქარი მოდის და ფერებს ისრუტავსო,–აუხსნა მოხუცმა კაცმა, –ერთ დღეს ჩვენი ქვეყანაც დანაღვლიანდა და ჯადოქარმა ფერები წაგვართვაო.
    –ჩემთან რატომ მოხვედიო, – ჰკითხა გოგონამ.
    –ჩემი შვილიშვილი ავად გახდა, ლოგინიდან ვერ დგებაო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – მხოლოდ მაშინ გამოჯანმრთელდება, რაიმე ფერადს თუ დაინახავსო.
–მაგაზე ადვილი რა არისო, – უთხრა ლამაზმა გოგონამ, – ჩვენი ქვეყნიდან წაიღე ფერადი ქსოვილები და აჩვენეო.
    –რაც კი ჩვენს ქვეყანაში მოხვდება, ყველაფერს ფერი ეკარგებაო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – მხოლოდ ერთი გზა არის მისი გადარჩენისო. სადღაც არსებობს ცის გამჭვირვალე მდინარე, რომელიც ცაში მირაკრაკებს, მაგრამ რადგან გამჭვირვალეა, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. თუ შენ ამ მდინარეს იპოვი და შენ თმებს მის წყალში დაასველებ, მდინარე გაფერადდება და ჩვენი ქვეყნის თავზე რომ გადაივლის, ჩემი შვილიშვილი მას დაინახავს და გამოჯანმრთელდებაო.
    –სად ვიპოვო ის მდინარეო, –ჰკითხა გოგონამ.
    –მარტო ის ვიცი, რომ მდინარე იმ მთიდან გადმოედინება, რომლის წვერიც ცას წვდებაო. – უთხრა მოხუცმა კაცმა და გაშორდა.
    ლამაზი გოგონა დაღონდა. არ იცოდა, ის მთა როგორ ეპოვა. უცებ ქუდიანი ბიჭი დაინახა.
    –რამ დაგაღონაო, –ჰკითხა ბიჭმა.
    გოგონამ თავისი გასაჭირი უამბო.
    –ვიცი, ეგ მთა სად არის, მე წაგიყვანო, – უთხრა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა და გზას გაუდგნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, ლამაზმა გოგონამ დაინახა მთა, რომლის წვერიც ცას წვდებოდა. ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა მთის წვერზე აცოცდნენ. გოგონამ გამჭვირვალე მდინარე დაინახა. მის ნაპირას ბალახზე დაწვა და ყვავილებიანი თმები წყალში ჩაჰყო. მდინარე  ყველა ყვავილის ფერი გახდა და შვიდფერი მდინარე მხიარულად წარაკრაკდა ზეცაში. უფერული ქვეყნის თავზე რომ გადაიარა, მოხუცი კაცის შვილიშვილმა თვალი მოჰკრა მას.
    –ბაბუ, ნახე ჩვენს ცას რა ლამაზი სარტყელი უკეთიაო, – დაიძახა მან და ლოგინიდან წამოხტა. გახარებული მოხუცი კაცი შვილიშვილს ჩაეხუტა.
    მთის წვერზე კი, სადაც ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა იყვნენ, დაღამდა.
    –ახლა რა ვქნაო,– ჰკითხა გოგონამ.
    –მე აქ ვცხოვრობ და იმ ბოროტს ჯადოქარს ვებრძვი, ფერებს რომ ისრუტავსო, – უთხრა ბიჭმა და ქუდი მოიძრო. მის თმაში უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა – როდესაც ღამდება, მე ამ ვარსკვლავებს ცაში ვაბნევ. თუ მათ დანახვაზე ერთი ადამიანი მაინც გაიღიმებს, ბოროტი ჯადოქარი იმ ქვეყნის ფერების წართმევას ვეღარ შეძლებსო. დარჩი ჩემთან და ერთად ვიცხოვროთო , –შესთავზა ბიჭმა. ლამაზი გოგონა დათანხმდა და მთის წვერზე დარჩა საცხოვრებლად.
    მას შემდეგ, როდესაც რომელიმე უფერულ ქვეყანაში ბავშვი ავად ხდება, ლამაზი გოგონა ყვავილებიან თმებს ცის მდინარეში ასველებს და მხიარული შვიდფერი მდინარეც იმ უფერული ქვეყნისკენ მირაკრაკებს. 


წიგნის ფესტივალი

იმდენი ხანი ველოდებოდი ამ მოვლენას, ერთი პატარა ჩანაწერი მაინც უნდა მივუძღვნა. ერთი თვით ადრე დავიწყე მზადება: მიხაროდა და ფულს ვაგროვებდი ( მეორე პროცესი პირველზე ძნელი აღსასრულებელი გამოდგა). ოჯახის წევრები საკმაოდ დამეხმარნენ ფონდის გაზრდაში, იციან : это у меня святое :). პირველივე დღეს სამკაციანი ( უფრო ზუსტად კი ერთ–დედა და ორ–შვილიანი) შემადგენლობით გავეშურეთ ექსპოჯორჯიის დასალაშქრად. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ თითქმის მთელი მარშრუქსი (სამარშრუტო ტაქსი) იქვე ჩამოიცალა. შესავლელში კიდევ ორკაციანი (ერთ–დედა ერთ–შვილიანი) მინიჯგუფი შემოგვიერთდა. პავილიონში ძალიან ბევრი ხალხი იყო, რაც ერთდროულად კარგიც იყო და ცუდიც (ალბათ გასაგებ მიზეზთა გამო). ბავშვებმა ცალკე იხეტიალეს, "დიდები" კი უფრო მეტად გახარებულები (თავისუფლებით) დავუყევით დახლებს. მოკლედ, რაც მინდოდა, თითქმის ყველაფერი შევიძინე. ეკოს "ვარდის სახელთან" დიდი ბოდიში, მაგრამ მისი საფასურით 3+1 წიგნი ვიყიდე (+1 სამლარიანი ჰესეს "ტრამალის მგელია", რომელსაც მისი ხარისხის გამო ძნელია წიგნი დაერქვას, თუმცა მე მაინც წასაკითხად მინდა და არა თაროს გასალამაზებლად). "პალიტრა L"–ის სტენდთან ისეთივე სიტუაცია იყო, როგორც სექტემბერში სასკოლო ბაზრობებზეა – სიებით და "თვლით" მიჰქონდათ ტომები. იმედია, მათი ოჯახების მომავალი თაობები მაინც წაიკითხავენ "თაროს შესავსებ" ფერად–ფერად ტომებს ( პირადად მე ასეთი სავსე თაროები ძალიან მეხმარებოდა ზაფხულის გატარებაში. მართალია, ასეთი ფერადები არ იყო, თუმცა ამით შინაარსი არ იცვლებოდა:)). ყველაზე მეტი "ბაკურ სულაკაურის" და "ქარჩხაძის" გამომცემლობების წიგნები აღმომაჩნდა ნაყიდებში. მთელი ბიუჯეტი პირველივე დღეს ამოვწურე და კამყოფილები დავბრუნდით სახლში. ჰოდა, ეხლა ჩემს "ტუმბოზე" ახალდაბეჭდილი წიგნების "მათრობელა" სურნელი ტრიალებს (:ლიბროდორომანი:)
        მანამდე კიდევ ოთხი წიგნი მქონდა ნაყიდი და ასე რომ, ზაფხულისთვის მზად ვარ :) ( მანამდე კი შემომეკითხება, რასაკვირველია, მაგრამ ხომ დამრჩება ცოტა მაინც)




P.S. ძალიან მომეწონა "დიოგენეს" laptray და ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ "იმხელა" თანხას მისთვის ვერ გავიმეტებ, გადავწყვიტე თავად შევქმნა: თხელი ფიცარი (ე.წ. ფანერკა) , სურათის სიმპატიური ჩარჩო, ქვემოთ მაგარი ნაჭრის ოთხკუთხედი ბალიში. აი, ის ჩასაყრელი სილიკონის ბურთულები მაქვს მოსაძიებელი და ეგაა :)

ბაბუ

          გაზაფხულზე პირველად მერცხლები რომ მოფრინდებიან ხოლმე, რატომღაც სულ ჩემი ბავშვობის ზაფხულები მახსენდება...
          ბაბუაჩემი მკაცრი კაცი იყო, მაღალი, ხმელ–ხმელი, ცივი...მთელი ცხოვრება ნომენკლატურა იყო, სულ თანამდებობებზე მუშაობდა: აღმასკომის თავმჯდომარე, ბანკის (თუ რაც იყო მაშინ) მმართველი,

კომპარტიის თავმჯდომარე, მოკლედ, მთელ რაიონს აზანზარებდა... წელიწადში ერთხელ დაილაპარაკებდა და ისიც ვინმესთვის შენიშვნა რომ მიეცა. ქუჩაში რომ გაივლიდა, ხალხი ჩუმდებოდა და მგონი თავსაც კი უკრავდნენ... სახლში ნათქვამი არ ქონდა, სახის გამომეტყველებით ხვდებოდა ყველა რაც უნდოდა და წამსვე სრულდებოდა... 16 წლის მანძილზე ყოველ ზაფხულს მათთან ვატარებდი, ბებია ბებია იყო – თბილი, ჭკვიანი, სათვალის მოძულე და უგემრიელესი ხაჭაპურის (არამარტო) ოსტატი, მაგრამ ბაბუა...სულ სამჯერ თუ ექნებოდა ჩემზე რამე ნათქვამი :"აჭამეთ ამ ბავშვს რამე"–ს მაგვარი. ჩვენი "ურთიერთობა" დღეში ნახევარი საათით შემოიფარგლებოდა – სადილობისას, ზუსტად პირველ საათზე, რომლის განმავლობაში დამუნჯებული ვიყავი და თავის აწევას ვერ ვბედავდი. არადა, ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი ყველანაირი გაგებით – თუ სწავლით, თუ თავაზიანობით, ყველას ვუყვარდი, მეორე ბაბუასთან საოცარი დამოკიდებულება მქონდა – სულ კუდში დავსდევდი, ერთად ვიპარავდით მეზობლის ლეღვს და თუთას და პირმოთხუპნულები ვჭიდაობდით, ამასთან კი... საოცარი კონტრასტი, საერთოდ ვერ მამჩნევდა...
            16 წლის რომ გავხდი, რატომღაც ძალიან დიდი სუფრა გაშალა ( ზაფხულში მქონდა დაბადების დღე და საჩუქარი კი არა , მგონი სიტყვითაც არ მოულოცავს არასდროს), რა თქმა უნდა , თამადა იყო. და შუა ქეიფში მესმის:
            –ბაბუ, მოდი აქ!
ხმა კი ვიცანი, მაგრამ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მე მეძახდა. გაოცება არ შევიმჩნიე და მივედი. ხელი გადამხვია ( აქ კი არ ვიცი, მოვახერხე თუ არა გაკვირვების დამალვა), თავი ჩაღუნა ( ან ეს) და ყოველგვარი პათოსის გარეშე, უბრალოდ მითხრა:
            –ბაბუ, ოთხი შვილი გავზარდე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი შენ გამხადე, ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ ჩემთვის, მისაბაძიც კი, ყველაზე დიდ პატივს შენ გცემ ამქვეყანაზე, აქამდე არაფერი მითქვია და არც მერე გეტყვი არაფერს, არცაა საჭირო, გიცნობ და ვიცი, არაფერი შეგეშლება ცხოვრებაში...
             რამდენიმე წუთით აზროვნების უნარი დავკარგე, უცებ გავიზარდე, გავიზარდე, დიიიდიი, დიიდიი, და ჩემს გარშემო დაფრინავდნენ სიტყვები – თურმე ვყვარებივარ, თურმე ვყვარებივარ....