უფასოა, კი

– მოხვედით რავარც იქნა? დრო დევინიშნე და ქე გევიდა ათი წუთი. იქნება გული უსკტება კაცს, რაია ასე გვიან მოსვლა... რა მაწუხებს და ისე შეწუხდა აი ჩვენი მთავრობა, იქანე სავანტყოფოში რაცხა წამალი გამომიწერა ექიმმა, არ იცოდა აფერი, ნახევარი ტაბლეტკა დალიეო და რაცხა ვერ ვტეხავ მე მაგას შვაზე და ექიმები თქვენ ხართ და ქე გამიტეხეთ ახლა აი ტაბლეტკა... ხოა სასწრაფო უფასო პენსიონერებიზა? კი, მარა... ყველასთვის უფასო რატოა, ჩვენ, პენსიონერებს არ გვეკუთნის რამე ცალკე?

ეჰ, დავბერდი მგონი


საბედნიეროდ, ექსტრემალურ სიტუაციებში იშვიათად ვხვდები, მაგრამ იმ დღეს ავტობუსში ასვლა მომიწია (აი, იმაში, ყვითელში, მარშრუტშეკვეცილში, შპროტის კონსერვივით გადავსებულ–დახუფულში, მგზავრობა რომ ხან უფასოა, ხან 40–30 თეთრი და ხანაც მითიური 5 ლარი ღირს). ავედი რა, ავტობუსი რომ გაჩერდა, კარებთან აღმოვჩნდი, მერე გარშემოწერილობის სივიწროვე და ფეხქვეშ სიმსუბუქე ვიგრძენი და უკვე შუა ავტობუსში ვიდექი ერთნახევარ ფეხზე. ჩვენი სამინისტროს განვითარებასავით მდგრადად ჩავაფრინდი სკამის სახელურს, რომელზეც (სკამზე) მუქ მწვანე შლაპა–პალტოთი, ღია მწვანე კლიფსებით, თეთრი შარფით, ხორცისფერი გრძელი ცხვირითა და ყავისფერი ტყავის ხელთათმანებით შეიარაღებული ქალბატონი ბრძანდებოდა. არ ვიცი რა სასწაულით მოვახერხე, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ იმ ქალს ერთხელაც არ შევხებივარ. და სწორედ მაშინ, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემს ნახევარ ფეხზე განგრენა მეწყებოდა, ხელი სახელურს შეეხორცა და გარდატეხის ასაკს გადარჩენილი ხერხემალი გამიმრუდდა, ეს მწვანეებიანი ქალბატონი მომიბრუნდა და  მითხრა:
     – თქვენი კაშნე ჩემს პალტოს რატომ ეხებაო(?!). მერე კაშნეს ფოჩი დემონსტრაციულად გადააგდო და ისე ენერგიულად დაიწყო პალტოს ფერთხვა, თითქოს ხარაჩოებიდან ჩამოცვენილი სამშენებლო ნაგავი დაყროდეს.
   რატომ ეხებაო, კაშნეს ფოჩი, ჩემს პალტოსო, აი იმ, ზემოთხსნებეულ ავტობუსში მკითხა. ყველაზე უფრო კი გული იმაზე დამწყდა, რომ თუ ერთი–ორი წლის წინ ორი ყურის პრინციპის გამოყენებით ამას ძალიან მშვიდად და მექანიკურად გავატრებდი და დავივიწყებდი, ეხლა ისე ავღშფოთდი, რომ კინაღამ (!) შევეპასუხე, თითქმის შევეპასუხე, ცოტაც და რამეს ვეტყოდი, უფრო უარესიც – მთელი გზა გონებაში ამ ქალისთვის სათქმელ ტექსტს ვალაგებდი და კინაღამ ჩემი გაჩერება გამომრჩა.
     ის ცოტა, რომელიც დამაკლდა, ერთ–ორ წელიწადში ალბათ შეივსება და აი მაშინ კი სულ დავბერდები.

პირველია?!

                               
-გიო,–ჩავჩურჩულე ყურში.
    ძინავს.
    –გიი–ოოო!–ცოტა ნჯღრევაც წავახმარე.
    –მმმ...აააამ... ჰო...ჰა, რა იყო? დაიწყო? ვსო, ეგ არი? ავდექით? წავედით ხო? ჩაიცვი?
    –არა, მოიცა, რა ჩავიცვი, რაღაც ვერ ვიძინებ და როგორ ფიქრობ, რამე ხომ არ ხდება?
    –აუ, ისე მეკითხები, თითქოს ყოველ წელს ბავშვს ვაჩენდე, –ისევ საწოლზე ჩამოჯდა,–გავაღვიძო დედაჩემი?
    –არა, არა, იქნებ არაფერი არ ხდება და დილის ოთხ საათზე ტყუილად ხომ არ გავაღვიძებთ?
    –აბა, ექიმს დავურეკოთ?
    – კაი, მოიცა, დაველოდოთ ცოტა ხანი.
    როგორ შეუძლია ასე მალე დაძინება?
    –ახლა კი ნამდვილად წავედით,–უკვე ჩაცმული ვაღვიძებ.
    აუ, რა ხდება სახლში, ყველა დარბის, ყველა რაღაცას მეკითხება, მეც დავრბივარ, ასჯერ ჩალაგებულ და შემოწმებულ ნივთებს ხელახლა ვამოწმებთ, ყველა ოთახში შუქი ანთია, ჯერ გასაღებს ვერ ვპოულობთ, მერე მობილურებს, მერე ისევ გასაღებს.
    გიოს ისედაც გიჟივით დაჰყავს მანქანა და კიდევ ეს უნდა? ჭიშკართან მისული არ ვართ, გამწარებული ასიგნალებს.
    –ვახ, რა იყო, კასო, პირველად ხო არა აჩენთ, არა?–„ბუტკიდან“ დარაჯი გამოდის და ჭიშკარს აღებს. ასე ერთნაირ „კლეჩატ“ პერანგებს სად შოულობენ ეს დარაჯები?

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა


    მართალია, უკვე 20 წელზე მეტი გავიდა რაც წავიკითხე, წიგნის გარეკანის დანახვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი.
     საბავშვო მწერლებს, პირველ რიგში, მდიდარი ფანტაზიის უნარი უნდა ჰქონდეთ და როალდ დალიც სწორედ ასეთი მწერალია.
      მახსოვს, როგორ გატაცებით ვკითხულობდი პატარა, გამხდარი ბიჭის ამბავს, რომელსაც, ღარიბული და თითქოს ყოველგვარ იმედსმოკლებული ცხოვრების მიუხედავად, მაინც შერჩენოდა ბავშვური გულუბრყვილობა და ოცნების უნარი. 
     მათთან ერთად მივირთმევდი კომბოსტოს წყალწყალა წვნიანს, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე ჩარლისთან ერთად ვყნოსავდი შოკოლადის მსუყე სუნს, რომელიც იმ საოცნებო, ჯადოსნური შოკოლადის ქარხნიდან გამოდიოდა. როგორ ველოდებოდი ჩარლის დაბადების დღეს, რომ უგემრიელესი შოკოლადის ფილა მომეკვნიტა.
      ოქროს ბილეთებმა ხომ სულ შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მახსოვს იმ პერიოდში დედას რამდენი ფილა შოკოლადი ვაყიდინე... დიახ, დიახ, ბილეთს ვეძებდი :)
       აი, მერე რა მოხდა და რა თავბრუდამხვევი ამბები გადახდათ ჩარლის მის მხიარულ ბაბუა ჯოს მისტერ ვილი ვონკას ქარხანაში, წიგნიდან უნდა გაიგოთ.
      "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" ერთ–ერთი იმ წიგნთაგანია, რომლისგან მიღებული შთაბეჭდილება მთელი ცხოვრება გაგყვებათ ( საკუთარი გამოცდილებიდან :) )