To drink or not to drink?

 დაილოცოს კენია! არა, ობამა რა შუაშია, გაცილებით დიდი დამსახურება აქვს კენიას მსოფლიო მასშტაბით როგორც... ყავის სამშობლოს. ეს პოსტი (ჩანაწერი ახალქართულად) მინდოდა ყავის დადებით და უარყოფით თვისებებზე დამეწერა, მაგრამ ჯერ მარტო ქართულად, იმდენი რამეა უკვე დაწერილ–გამოკვლეულ–ინტერნეტში გამოფენილი, რომ უბრალოდ copy-pasteს კეთება მომიწევდა. ამიტომ უბრალოდ პირდაპირ დასკვნას დავწერ :) . თვით ანტიყავისტებიც კი აღიარებენ, რომ ყავას სარგებლობა ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი, ხოლო ყავის სმის სიხშირესა და რაოდენობაში, ისევე როგორც ყველაფერში (!), საჭიროა დავიცვათ ზომიერება, ოქროს შუალედი, 1.6, phi...
          ერთი სიტყვით, ქვემორე ვიდეო ეძღვნება ყველას, ვისაც, დილით  ყავის დალევას თუ ვერ მოასწრებს, ორ საათში უკვე ორთქლადენილი მუქი–მუქი სითხით სავსე ფინჯნები ელანდება ( არავითარი კრემ–რძე და თხილ–ვანილები)
           dedicated to coffeeholics

დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ

      ჩემი შვილიკო, ისევე როგორც სხვა ქართველი ბავშვები,  პირველ კლასში ანბანს და ასოების წერას სწავლობდა. ასო "მ"–ც ისწავლეს და მასთან დაკავშირებულ სიტყვებს შორის– "მუხა". სამი დღე ასწავლიდნენ ბავშვებს, რომ მუხა საქართველოს სიმბოლოა იმიტომ, რომ ძლიერი და დღეგრძელია, ამაყად ვარჯგაშლილი დგას, ურიცხვი მუმლ/მტერი ვერაფერს ვნებს ამ საუკუნოვან ფოთლოვანს, რომ ზოგჯერ იმხელა ზრო (ხის ტანი) აქვს, რომ ორი ადამიანი გაშლილ ხელებს ვერ შემოაწვდენს და ა. შ. და ა.შ.
     ქართულის გაკვეთილს მოსდევს მათემატიკის და აი,  მათემატიკის წიგნში ხსნიან ამოცანას:
      "ეზოში დგას მუხა. მუხას აქვს სამი (?!) ტოტი. თითო ტოტზე ორი ვაშლია (ჰა?!). რამდენი ვაშლია სულ მუხაზე?" (ავტ. რუხაძე. I კლ)


     წიგნი დამტკიცებულია ვაშლიანი მუხების სამშობლოს განათლების სამინისტროს მიერ.

მორწმუნეობა მოდაში, ჩვევაში თუ....იქნებ, გულში?


              რამ(ო)დენიმე წლის წინ მორწმუნეობა მოდაში შემოვიდა. ტაძრები ივსებოდა ჯინსებზეთავსაფარშემოხვეული, ჯერუსვირინგო–ჰიპერტრიქოზიან მუცელგამოჩენილი თინეიჯერებითა (მოზარდი ახალქართულად) და ვარდისფერი, გაუგებრობაში მოყოლილი ბამბისქულა ბაიების წინადღეს(მეორე დღისთვის)სოლარიუმში ნამყოფი ან  სახეზე სქლადტონალურწასმული დედიკოებით. მღვდლის ხმას ფარავდა შემდეგი შინაარსის ფრაზები:
       –ვაიმე, ბევრ ხალხში ცუდად ვხდები, არ შემიძლია.
       –შენსას ლოყებზე ისევ დიათეზი აქვს ხო? ისევ „იმ“ დერმატოლოგთან დაგყავს, 50 ლარს რომ იღებს? იმიტომაც ვერ მოურჩა. ჩემი 40 ევროს მართმევდა და ყველა მეუბნება, შენნაირი ლოყებგაპრიალებული ბავშვი არ გვინახავსო.
       –როგორ ვუთხრა მამაოს, ამ გაქანებულ მარხვაში ყველის მონაჭრელი დანით მოჭრილი პური შევჭამე–თქო? ხო ვიქნები ღირსი არ მაზიაროს ამის გამო? მარა რა ჩემი ბრალია, იმ ჩემმა სასიკვდილე რძალმა მომაწოდა ის დანა, 3 თვეა არ ველაპარაკები და აჰა, სამაგიერო გადამიხადა.
      –ის, რუსთაველზე საახალწლოდ დაკიდებული ჭაღები თითო ორმოცი ათასი დოლარი ღირს თურმე...რა ცოტა ჩუმად, ხმამაღლა ვლაპარაკობ ახლა მე? სულ დაკარგეს ნამუსი, ამ ხნის კაცს როგორ მიბედავ, ტაძარში მაინც არ იყო... ღმერთო შენ გვიშველე.
     –როგორ გაგატარო, ადგილი რომ იყოს, მეც ხომ გადავიდოდი... ხოდა, სტიქაროსანი რომ ხარ, შვილო, მეტი მოთმინება გმართებს... რა ვუყო ახლა მე, მოძღვარს თუ გავლა უნდა, მეორე მხრიდან მოუაროს, ჯერ ფრთები არ მაქვს, რომ ავფრინდე...
      ამდაგვარ ფრაზებს ფონს უქმნიდა არცთუ იშვიათად აჟღერებული მობილურის ზარები, ფრენჩკანკანიდან დაწყებული, გომართელის ენერგიული სიმღერებით დამთავრებული.  განსაკუთრებით საქმეში ჩახედულები და ალღოიანები ხვდებოდნენ, რომ მოძღვრის პირით  წმინდანი საუბრობდა.
           ყოველკვირეული წირვებზე სიარული მყარდებოდა რამ(ო)დენიმე მონასტრის დათვალიერებით ვისუფრომეტფასიანი ბოტასებითა და „სახლში დატოვებული“ მანქანის