როგორ გაჩნდა ცისარტყელა (ზღაპარი)

 ერთ ფერად ქვეყანაში ერთი ლამაზი გოგონა ცხოვრობდა. ის ჩვულებრივი გოგონა არ იყო – მისი თმები ყოველდღე სხვადასხვა ფერის ყვავილებს ისხამდა. ორშაბათს – წითელს, სამშაბათს – ნარინჯისფერს, ოთხშაბათს – ყვითელს, ხუთშაბათს – მწვანეს, პარასკევს – ცისფერს, შაბათს – ლურჯს და კვირას – იასამნისფერს. ყველას უყვარდა ლამაზი გოგონა და ისიც ბედნიერად ცხოვრობდა.



    ერთ დღეს ლამაზ გოგონასთან ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი კაცი მივიდა.
    –მე უფერული ქვეყნიდან ვარო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – დიდი გზა გამოვიარე, შენთან რომ მოვსულიყავიო.
    –შენი ქვეყანა უფერული რატომ არისო? – ჰკითხა გოგონამ.
    –როდესაც ქვეყანაში ყველა მოწყენილია, ბოროტი ჯადოქარი მოდის და ფერებს ისრუტავსო,–აუხსნა მოხუცმა კაცმა, –ერთ დღეს ჩვენი ქვეყანაც დანაღვლიანდა და ჯადოქარმა ფერები წაგვართვაო.
    –ჩემთან რატომ მოხვედიო, – ჰკითხა გოგონამ.
    –ჩემი შვილიშვილი ავად გახდა, ლოგინიდან ვერ დგებაო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – მხოლოდ მაშინ გამოჯანმრთელდება, რაიმე ფერადს თუ დაინახავსო.
–მაგაზე ადვილი რა არისო, – უთხრა ლამაზმა გოგონამ, – ჩვენი ქვეყნიდან წაიღე ფერადი ქსოვილები და აჩვენეო.
    –რაც კი ჩვენს ქვეყანაში მოხვდება, ყველაფერს ფერი ეკარგებაო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – მხოლოდ ერთი გზა არის მისი გადარჩენისო. სადღაც არსებობს ცის გამჭვირვალე მდინარე, რომელიც ცაში მირაკრაკებს, მაგრამ რადგან გამჭვირვალეა, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. თუ შენ ამ მდინარეს იპოვი და შენ თმებს მის წყალში დაასველებ, მდინარე გაფერადდება და ჩვენი ქვეყნის თავზე რომ გადაივლის, ჩემი შვილიშვილი მას დაინახავს და გამოჯანმრთელდებაო.
    –სად ვიპოვო ის მდინარეო, –ჰკითხა გოგონამ.
    –მარტო ის ვიცი, რომ მდინარე იმ მთიდან გადმოედინება, რომლის წვერიც ცას წვდებაო. – უთხრა მოხუცმა კაცმა და გაშორდა.
    ლამაზი გოგონა დაღონდა. არ იცოდა, ის მთა როგორ ეპოვა. უცებ ქუდიანი ბიჭი დაინახა.
    –რამ დაგაღონაო, –ჰკითხა ბიჭმა.
    გოგონამ თავისი გასაჭირი უამბო.
    –ვიცი, ეგ მთა სად არის, მე წაგიყვანო, – უთხრა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა და გზას გაუდგნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, ლამაზმა გოგონამ დაინახა მთა, რომლის წვერიც ცას წვდებოდა. ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა მთის წვერზე აცოცდნენ. გოგონამ გამჭვირვალე მდინარე დაინახა. მის ნაპირას ბალახზე დაწვა და ყვავილებიანი თმები წყალში ჩაჰყო. მდინარე  ყველა ყვავილის ფერი გახდა და შვიდფერი მდინარე მხიარულად წარაკრაკდა ზეცაში. უფერული ქვეყნის თავზე რომ გადაიარა, მოხუცი კაცის შვილიშვილმა თვალი მოჰკრა მას.
    –ბაბუ, ნახე ჩვენს ცას რა ლამაზი სარტყელი უკეთიაო, – დაიძახა მან და ლოგინიდან წამოხტა. გახარებული მოხუცი კაცი შვილიშვილს ჩაეხუტა.
    მთის წვერზე კი, სადაც ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა იყვნენ, დაღამდა.
    –ახლა რა ვქნაო,– ჰკითხა გოგონამ.
    –მე აქ ვცხოვრობ და იმ ბოროტს ჯადოქარს ვებრძვი, ფერებს რომ ისრუტავსო, – უთხრა ბიჭმა და ქუდი მოიძრო. მის თმაში უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა – როდესაც ღამდება, მე ამ ვარსკვლავებს ცაში ვაბნევ. თუ მათ დანახვაზე ერთი ადამიანი მაინც გაიღიმებს, ბოროტი ჯადოქარი იმ ქვეყნის ფერების წართმევას ვეღარ შეძლებსო. დარჩი ჩემთან და ერთად ვიცხოვროთო , –შესთავზა ბიჭმა. ლამაზი გოგონა დათანხმდა და მთის წვერზე დარჩა საცხოვრებლად.
    მას შემდეგ, როდესაც რომელიმე უფერულ ქვეყანაში ბავშვი ავად ხდება, ლამაზი გოგონა ყვავილებიან თმებს ცის მდინარეში ასველებს და მხიარული შვიდფერი მდინარეც იმ უფერული ქვეყნისკენ მირაკრაკებს. 


1 Response to "როგორ გაჩნდა ცისარტყელა (ზღაპარი)"

  1. Keti says:
    June 14, 2011 at 4:43 AM

    რა ლამაზი ზღაპარია :)