როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა

        ვეცდები ეს პოსტი პირად/სუბიექტური განცდებისგან მაქსიმალურად გავა(ნ)თავისუფლო და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი შევძინო. 
        მაშ ასე, დიდი სურვილისა და მტკიცე გადაწყვეტილების ხორცშესხმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით უნდა დაიწყოთ.  ე.წ. თეორიის ანუ საგამოცდო ბილეთების სწავლა ყველაზე უკეთ სპეციალური წიგნით შეიძლება, სადაც ყველა (+1000) ბილეთია დაბეჭდილი. წიგნს ერთდაერთი მინუსი ის აქვს, რომ ბილეთებს მხოლოდ სწორი პასუხები მოჰყვება, ახსნის გარეშე. თუმცა ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება ორი საკმაოდ გავრცელებული საიტის მეშვეობით. ორივე მათგანზე ზუსტად ის ბილეთებია მოცემული, რომლებიც გამოცდაზე გვხვდება, თუმცა დიდი შანსია, რომ რაც არ უნდა დიდხანს აკეთოთ საკუთარი თავის შესამოწმებელი 30 ბილეთიანი ტესტები, მაინც ვერ ნახოთ ყველა (+1000) ბილეთი, რადგან ისინი შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და ხშირ შემთხვევაში მეორდება. სწორედ ამ შემთხვევისთვისაა წიგნი, რომელშიც გარანტირებულად ყველა ბილეთის ნახვა შეგიძლიათ. ამ საიტზე ყოველ ბილეთს იქვე მოჰყვება ახსნა პატარა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ საიტზე კი ბილეთები თემების მიხედვითაც არის დალაგებული.
          თეორიული გამოცდისთვის მოსამზადებლად 5–15 დღე დაგჭირდებათ ( აქ გონებრივზე უფრო თავისუფალი დროის შესაძლებლობები თამაშობს მთავარ როლს). ეს დრო შეგიძლიათ პრაქტიკულ სწავლებას დაამთხვიოთ.
           თავად მანქანის ტარებას რაც შეეხება, ეს უკვე ინდვიდუალურია. თუ ჩემსავით მანქანით დასიგნალებაც კი არასდროს გიცდიათ და საჭესთან პირველად დაჯდომისას გადაწყვეტილების სიმტკიცეს ძირითადი „არმატურა“ ეშლება, მაშინ 8–10 გაკვეთილი დაგჭირდებათ. და აქვე აუცილებელი რჩევა – პირდაპირ საგამოცდო „შკოდით“ დაიწყეთ სწავლა. მართალია, ხუთი ლარით ძვირია „მისი სახელი რომ არ ითქმის“ იმასთან შედარებით, მაგრამ ნამდვილად ღირს. თუ ტარება კარგად იცით ( „რამდენიმე წლის წინ მეგობარმა დამსვა“ არ ითვლება), 2–3 გაკვეთილი სრულიად საკმარისია.
                 მაშ ასე, ბილეთებდაზუთხული და გარაჟშიშეყენებადაზეპირებული, ბუნებრივი ან ხელოვნური გზით ნერვებდამშვიდებული მივემგზავრებით რუსთავში. თან მიგვაქვს პირადობის მოწმობა ( აქვე პატარა შენიშვნა – პირადობის მოწმობაში მითითებული მისამართი აქტიური  უნდა იყოს  ანუ მართლაც უნდა ირიცხებოდეთ აღნიშნულ მისამართზე ( ეს ძირითადად ძალიან დიდი ხნის წინ აღებულ მოწმობებს ეხება, თუ მას შემდეგ მისამართი შეიცვალეთ).  თუ მისამართთან დაკავშირებით რამე პრობლემა შეგექმნებათ, საკმარისია სხვა „ნორმალურ“ მისამართიანი პირის პირადობის მოწმობა) და მიგვაქვს იქვე გადასახდელი 57 ლარი. როგორც გავიგე, ვაგზლის მოედნიდან რუსთავისკენ მიემგზავრებიან  1ლარიანი მარშრუქსები. თუ პირველად მიდიხართ, არ ინერვულოთ – მაშინვე  მიხვდებით, სადაც უნდა ჩამოხვიდეთ.
             გამვლელებისთვის ერთი–ორი კითხვის მიცემის შემდეგ შებრძანდებით ხალხით სავსე გრილ და ვრცელ შენობაში. მარცხენა მხარეს ჩამწკრივებულია კომპიუტერთან მსხდომი გოგონები და მათ წინ ცარიელი (ან დაკავებული) სკამები. იქვე სალაროში (ეუბნებით რომ პირველად ხართ და) იხდით თანწამოღებულ 57 ლარს. შემდეგ გადახდის ქვითარს პირადობის მოწმობასთან ერთად აწვდით რომელიმე გოგონას. რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენს გვარს გაიგონებთ და ერთ–ერთ ცარიელ სკამზე მიგიპატიჟებენ. ეცადეთ ოდნავ შეიღიმოთ ( თუმცა ეს არაფერს ცვლის – სურათზე მაინც მკვდრისფერი გედებათ) და კამერას უყუროთ. შემდეგ იქვე სკამზე დამონტაჟებულ პატარა ეკრანზე აწერთ ხელს – სახელის ინიციალი და გვარი სრულად და გარკვევით( შემოქმედებითი ვარიაციები საჭირო არ არის). შემდეგ დგებით და ელოდებით დაფერილმინიან კართან, რომელსაც „თეორიული გამოცდა“ აწერია. 10–15 წუთში ისევ გაიგონებთ საკუთარ გვარს და საკლასო ოთახის მაგვარ ნათელ ოთახში შებრძანდებით, სადაც საგამოცდო სიწყნარე სუფევს. კვლავ მიგიპატიჟებენ ცარიელ მერხთან, რომელზეც უმაუსკლავიატურო მონიტორი დგას. დამკვირვებელი გოგონა მოგცემთ თქვენს პირადობის მოწმობას და აგიხსნით, რომ მონიტორზე თქვენი პირადი ნომერი უნდა შეიყვანოთ ( აი ის, გრძელი და ბერვნულებიანი). შემდეგ დაიწყება ფერთა აღქმის ტესტი – ფერადი წრე, რომელშიც სხვა ფერით ჩაწერილია ციფრები ან გეომეტრიული ფიგურები. ამ უადვილესი, ე.წ. „ფსიქოს“ შემცვლელი ტესტის შემდეგ დაიწყება თეორიული გამოცდა – გამოჩნდება თვქენთვის ესოდენ ნაცნობი ბილეთები. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სწორი პასუხის ციფრს თითი უნდა დააჭიროთ, რასაც შემდეგი ბილეთი მოჰყვება. სულ 30 ბილეთს უნდა უპასუხოთ და სამი შეცდომის უფლება გაქვთ. ბოლო ბილეთის შემდეგ მონიტორზე დაიწერება –„თქვენ ჩააბარეთ თეორიული გამოცდა“.  
        გამოდიხართ ოთახიდან და საერთოდ იმ შენობიდან ( აქ უფრო ხვდებით, როგორი სიგრილე იყო შენობაში) და მიემართებით პრიდაპირ და მარცხნივ ზემოთ პატარა კიბეებზე ( ხალხმრავლობით მიხვდებით, სადაც). იქ მთავარ გამანაწილებელს აწვდით თქვენს პირადობას. 10–30 წუთის შემდეგ ისევ გესმით ნაცნობი გვარი და ნისლში ჩაძირული გარესამყაროს გავლით ადიხართ კიბეზე. იქ გეტყვიან, აი „იმ“ მანქანაში დაბრძანდითო. თქვენც მანქანისკენ მიემართებით.
                  Tips & tricks
1.ასწორებთ სავარძელს;
2. იკრავთ ღვედს; უყურებთ (თუ საჭიროა ასწორებთ) სარკეებს.
3. უყურებთ „რუჩნოის“. 99 % ამოწეული დაგხვდებათ. თუ 1%იანი ჩაწეული დაგხვდათ, თავად  ( მაინც) ამოწევთ.
4. ქოქავთ მანქანას, აგდებთ პირველში, ჩაუწევთ „რუჩნოის“ და ... წარმატებები :) ( თავიდანვე ცოტა თავდაღმართია და ძალიან გაზს ნუ მიაწვებით)
5. არაფერი ჰკითხოთ დამკვირვებელს!!! ( რაც საჭიროა – ანუ – ახლა აქეთ, ახლა იქეთ – თავად გეტყვით). მათ არ აქვთ დახმარების უფლება. ამიტომ მათი პასუხი აუცილებლად დამაბნეველად და უარყოფითად იმოქმედებს. წარმოიდგინეთ, რომ საერთოდ არ ზის!
6. აუცილებლად გაჩერდით  „stop“–ხაზებთან. (ზიგზაგის და ჩიხის წინ და აღმართზე. ქვეითთა გადასასვლელთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წითელი ანთია)
7. აღმართზე კარგად ამოწიეთ „რუჩნოი“, მაინცდამაინც არ იჭერს ( შესაბამისად, ჩაწევისასაც წაჭიდავება მოგიწევთ). აღმართთან იქვე იწყება უწყვეტი ღერძულა ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოთ. ( აღმართის ავლის შემდეგ გაზს ისევ აუშვით, ნელა ჯობია)
8. ქვეითთა გადასასვლელთან თუ წითელი ანთია, თეთრ (სტოპ) ხაზთან  ჩერდებით, თუ მწვანეა – აგრძელებთ ( რა თქმა უნდა, ნელა). ლიანდაგთან არ ჩერდებით, მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად, ენერგიულად იხედებით მარცხნივ–მარჯვნივ (მატარებელს ეძებთ ანუ :)) , ნელა გადადიხართ ლიანდაგზე და პარკირებისკენ მიდიხართ.
9. პარკირების შემდეგ შეიძლება გითხრათ, საწყის ადგილამდე გაიყვანეო. ამ დროს ისევ პირველში გადართვა არ დაგავიწყდეთ  და „უკანსვლაში“ ჩარჩენილი სიჩქარით არ წახვიდეთ.
10. მანქანას საბოლოოდ რომ გააჩერებთ, „რუჩნოის“ ამოწევა არ დაგავიწყდეთ!!!!
ამ ყველაფრის შემდეგ, გარე სამყარო თავის ჩვეულ ადგილს და ფორმას დაუბრუნდება, დამკვირვებელი მოგილოცავთ, რომ ჩააბარეთ.  
         თუ პირველივე გასვლაზე ვერ ჩააბარებთ, (პირველ რიგში გული არ გაიტეხოთ – 90% ვერ აბარებს,) ზუსტად ერთი კვირის შემდეგ,   ანუ მომდევნო კვირის იმავე დღეს შეგიძლიათ გახვიდეთ, მერე კიდევ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ და ა.შ. სულ 5 უფასო გასვლა გაქვთ პირველის ჩათვლით. გარდა ამისა, არსებობს ფასიანი გასვლებიც – პირველივე დღესაც შეგიძლიათ, ვერჩაბარების შემთხვევაში, გადაიხადოთ 31 ლარი და ისევ გახვიდეთ. ასეთი ფასიანი გასვლები ყოველდღე შეიძლება , მხოლოდ დღეში ერთხელ.
    თუ ჩაბარების დღესვე გინდათ კუთვნილი, ნერვებისმომშლელი, ნანატრი, დამსახურებული, ყვითელსურათიანი, გაურკვეველი ბედნიერების მომტანი, ყველაზე მაგარი მართვის მოწმობის აღება, დამატებით 51 ლარს გადაიხდით და 15 წუთში პატარა ლურჯი პლასტიკური ბარათის ქნევით გამოხვალთ შენობიდან. (ნუ რავიცი, შეგიძლიათ –ჰეჰ, „ვაჟნად“ ჩაიდოთ საფულეში).
თუ ნერვები გეყოფათ და ამ გაკვეთილებმა ისედაც საკმარისად დაგხარჯათ, მაქსიმუმ ერთ კვირაში უფასოდ აიღებთ თბილისში.
წარმატებები!

2 Response to "როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა"

  1. Keti says:
    July 5, 2011 at 1:12 AM

    უჰ, დეტალურად გამახსენდა ჩემი ისტორია :) აღმართზე რომ "რუჩნოიმ" მიმტყუნა, მაგიტომ ჩავიჭერი პირველ გამოცდაზე და მერე ფსიქოლოგიურადაც მომიღო ბოლო – მეორეზე შიშით მივედი :)
    წინასწარ რომ მცოდნოდა, ეგეთი "რუჩნოები" აქვთ... ასე რომ, კარგი რჩევაა, ვინც გასვლამდე წაიკითხავს...

  2. Vaska Says:
    November 16, 2012 at 2:52 AM

    რჩევა მართლაც კარგია და აუცილებელი--გაიხარე ჯიგარი ხარ!!
    P.S. რუჩნოი მართლაც ნერვებმომშლელი აქვთ,,,ასევე ჩავიჭერი აღმართზე!! ჩვეულებრივათ ნელი გაზით ავედი, გავჩერდი სდექ-ხაზთან და ამოვწიე რუჩნოი, მარა აზრი????- ტორმუზს რომ ავუშვი, მანქანა უკან დაგორება დაიწყო,,დაააა ნერვებმა მიმტყუნეს: სცეპლენიას ავუშვი და პოლნი გაზიტ ვახოხიალე მანქანა(რუჩნოიც არ ჩავწიე) :D ....
    1) გარაჟი აირჩიეთ--- მეორე(წინა)-პირველი ცოტა ძნელია...