როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა

        ვეცდები ეს პოსტი პირად/სუბიექტური განცდებისგან მაქსიმალურად გავა(ნ)თავისუფლო და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი შევძინო. 
        მაშ ასე, დიდი სურვილისა და მტკიცე გადაწყვეტილების ხორცშესხმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით უნდა დაიწყოთ.  ე.წ. თეორიის ანუ საგამოცდო ბილეთების სწავლა ყველაზე უკეთ სპეციალური წიგნით შეიძლება, სადაც ყველა (+1000) ბილეთია დაბეჭდილი. წიგნს ერთდაერთი მინუსი ის აქვს, რომ ბილეთებს მხოლოდ სწორი პასუხები მოჰყვება, ახსნის გარეშე. თუმცა ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება ორი საკმაოდ გავრცელებული საიტის მეშვეობით. ორივე მათგანზე ზუსტად ის ბილეთებია მოცემული, რომლებიც გამოცდაზე გვხვდება, თუმცა დიდი შანსია, რომ რაც არ უნდა დიდხანს აკეთოთ საკუთარი თავის შესამოწმებელი 30 ბილეთიანი ტესტები, მაინც ვერ ნახოთ ყველა (+1000) ბილეთი, რადგან ისინი შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და ხშირ შემთხვევაში მეორდება. სწორედ ამ შემთხვევისთვისაა წიგნი, რომელშიც გარანტირებულად ყველა ბილეთის ნახვა შეგიძლიათ. ამ საიტზე ყოველ ბილეთს იქვე მოჰყვება ახსნა პატარა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ საიტზე კი ბილეთები თემების მიხედვითაც არის დალაგებული.