როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ (მინიტუტორიალი)

 ეს პოსტი დრაფტებში აღმოვაჩინე, შარშანდელი თარიღით :)


ბოლო პერიოდში ჟურნალებთან ერთად წიგნებიც იყიდება, საკმაოდ იაფად. ჰოდა, ამ წიგნების შეძენისას, ეს ჟურნალებიც შემომეყიდა (იძულებით). დროთა განმავლობაში ჟურნალებიც შემომეკითხა ალაგალაგაღმოჩნდა, რომ ასაკით,  პროფესიითა  და პოპულარობის მიზეზით განსხვავებული ადამიანები საოცრად გვანან ერთმანეთს. სულ რაღაც 1 ლარად სენსაციური ამბების გაგება შეგიძლიათ. თურმე, თითქმის ყველა დილით იღვიძებს და დღეში ერთხელ მაინც იძინებს. გაგიკვირდებათ და, ზოგჯერ საჭმელადაც იცლიან და თითქმის არასდროს ავიწყდებათ სახლიდან გამოსვლის წინ ჩაცმა. ამ სტატიების კითხვისას ერთი კითხვა გამიჩნდა: როგორ ახერხებენ ჟურნალისტები ამდენი და ესოდენ განსაკუთრებული ხალხის ინტერვიუების ჩაწერას. და აი, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მივაგენი იმ უნივერსალურ კითხვას, რომლის მიხედვითაც მთელი გვერდი ინტერვიუს შედგენა შეიძლება ( რესპონდენტი აუცილებელიც არ არის). ყველაფერი გენიალური მარტივიაო და ეს კითხვაც საკმაოდ უბრალოდ და ბუნებრივად ჟღერს:

          –დილით ყავას მიირთმევთ?


  ეს კითხვა გენიალური ჯერ იმითაც არის, რომ მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოტა თუ გაგვიმართლებს და პასუხს „გავარტყამთ“, საერთოდ აღარ გვჭირდება გამოსაკითხი ობიექტი.


მაშ ასე, განვიხილოთ დადებითი პასუხის შემთხვევაში, რისი გაგება შეგვიძლია. დილით ყავას მიირთმევს? ესე იგი, უნდა, ესე იგი, ჭირდება, იმიტომ, რომ დილით გამოფხიზლება უჭირს. რატომ უჭირს გამოფხიზლება? იმიტომ, რომ ღამით გვიან იძინებს ( აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგჯერ დილამდეც ვერ იძინებს). ღამით რატომ ვერ იძინებს? აქ ორი უწყინარი ვარიანტია: ხან
მეგობრებთან (აუცილებელია ეს სიტყვა) ერთად კლუბში ერთობა, ხან კითხულობს ( ამას გარანტირებულად არავინ გააპროტესტებს). აქედან ვასკვნით, რომ ბევრი მეგობრები ჰყავს ( რომლის გარეშეც...მათთან ერთად... გაავრცობთ), კითხულობს ახალგაზრდა, თანამედროვე ავტორებს ( ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერეთ, დღეს ყველა წერს), თუმცა ვეფხისტყაოსანს ახლა უფრო ჩაწვდა და დააფასა,  მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არ უყვარდა( თინეიჯერების გულის მოსაგებად). რადგან მეგობრებთან ერთად დადის( არ აქვს მნიშვნელობა, სად) , უპირატესობას ჩაცმის თავისუფალ სტილს ანიჭებს ( ეს ის ჯადოსნური სტილია, ყველაფერს რომ მოიცავს, სამეჯლისო კაბაზე ტყავის კურტკას, სმოკინგზე ბოტასებს, მუთაქებს, ჩანგლებს, ბევრ აქსესუარებს ( თუ რესპოდენტი ქალბატონია, ცალკე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ „ორიგინალური“ სამკაულები მოსწონს),  გემოვნებიანს და უგემოვნოს, დახვეწილს და გოიმურს, ყველაფერს). თამამად შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ტანსაცმელს ძირითადად(!) ( ეს თავის დასაზღვევად) საზღვარგარეთ ყიდულობს. თუ „რესპონდენტი“ მამაკაცია, რასაკვირველია, მუქი ფერები ურჩევნია ( რაც უფრო დიდია ასაკით, მით უფრო მუქი), ხოლო თუ ქალბატონია, მაშინ მას არ უყვარს, სულ შავები რომ აცვიათ, თუმცა არც უკვირს („რესპოდენტს“), ფერების შეხამება ყველას ხომ არ შეუძლია. ტანსაცმლის ფერები მის ხასიათსაც ჰგავს: ცოტა რთული ხასიათი კი აქვს, მაგრამ შინაგანად მაინც მრავალფეროვანი ბუნებისაა. ჰოდა, აქვე მიაყოლეთ, რომ სხვა ადამიანებში, პირველ რიგში, აფასებს დადებით (?) ხასიათს, თუმცა გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა.( მატერიალურ მდგომარეობაზე სიტყვაც არა დაძრათ).
გარდა ძირითადი მონახაზისა, შეგვიძლია აგრეთვე დავწეროთ, რომ ხშირად დადის სტომატოლოგთან, რომლის უკვე აღარ (ან ჯერ კიდევ) ეშინია, მიუხედავად იმისა ( ან იმიტომ), რომ საშინლად ახსოვს სულ პირველი სტომატოლოგი, რომელმაც სადისტურად ამოუღო  კბილი ბავშვობაში. ( ხშირად კი თუნდაც იმიტომ დადის, რომ ყავის სმა კბილებს ამუქებს და პოპულარულ ადამიანს კი მომხიბვლელი ღიმილი ჭირდება). ეს მომენტი სათაურადაც კი შეგვიძლია გამოგვადგეს: რატომ ჰქონდა ბაჭიკო მიულგერს მძიმე ბავშვობა?
შემდეგ რამდენიმე ბანალური პასუხი: როგორ უყვარს თბილისი და ევროპის სხვა ქალაქებს რომ ურჩევნია; ასე უცებ ისეთ კურიოზს ვერ გაიხსენებს, რომ მკითხველისთვის საინტერესო იყოს; სანამ კონკრეტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდება, არ იცის, საყვარელ ადამიანს რას აპატიებს; თუ ძალიან აუცილებელია და სხვა გზა არ არის, პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთონ, თუმცა თვითონ, რათქმაუნდა, არ გაიკეთებს;  წუხს, რომ საერთო განათლების დონე საქართველოში დაბალია და ა.შ.
            და ბოლოს, უნდა, რომ უფრო მეტ გაღიმებულ სახეს ხედავდეს მშობლიური ქალაქის ქუჩებში(იცინის). ( ქალაქის დაკონკრეტება უმრავლესობას არ აწყობს).
            ალბათ ხვდებით, რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ინტერვიუ ძირითადად საწინააღმდეგო  შინაარსის გამოვა, გარდა იმ ზოგადი ელემენტებისა, რომლებიც ყველასთვის საერთოა. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ  პოპულარული ადამიანები, ისევე როგორც მათი ფანების უმრავლესობა, დილით ყავას მიირთმევენ.
            P.S.  ვინც მათი ფანი არ არის, მას, შესაბამისად, ინტერვიუც არ აინტერესებს, ხოლო მზესუმზირის ნარჩენებს რაზე დაყრის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს :)
 

2 Response to "როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ (მინიტუტორიალი)"

  1. Grin says:
    December 11, 2010 at 9:15 AM

    bagariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa!!!
    Xshirad were , Shemdeg postebs velodebiiiii
    (axali gverdebic momwons aivani da samzareulo tuchi gawi qalo momewonda gansakutrebit:)

  2. Keti says:
    December 5, 2011 at 10:56 PM

    :))))
    მთავარი ფოტოების მოპოვებაა, ტექსტს მარტივად ააწყობენ :) ჰოდა, ფოტოს წამოსაღებად ან გადასაღებად რომ მივლენ, შეუძლიათ ეს კითხვა მაშინ დასვან :)