ზღაპარ იყო...

                                                  
ზღაპრები (მცირეწლოვან) ბავშვებზე გავლენას რომ ახდენენ, ამაზე ბევრი ნაწერ/ნაკითხ/ნათქვამ/მოსმენილი გვაქვს. მაგრამ ეს გავლენა რამდენად დადებითია სხვადსხვა ზღაპრის შემთხვევაში, არამგონია ბოლომდე იყოს გარკვეული. ზღაპრის ძირიდათი მიზანია სხვადასხვა ზღაპრული hack პროგრამებისა და cheat-engineბით (როგორიცაა, მაგალითად, ჯადოსნური ჯოხი, სუფრა ან ხალიჩა, ნატვრისთავლი, speed-up ჩექმები) დაეხმაროს წუწუნა და პრობლემებიან სიკეთეს ჩლუნგ და უიღბლო ბოროტებაზე გამარჯვებაში.. ეს მიზანი ზოგჯერ ისეთ საშუალებებს ამართლებს, ე.წ. "ჰორორ" (საშინელებათა) ფილმებსაც კი შეშურდება.
       შედარებით მსუბუქი კატეგორიის ზღაპრებში ხშირად გამოიყენება ისეთი ანომალიური ანატომიურ–ფიზიოლოგიური პროცესი, როგორიცაა ცოცხალი ორგანიზმების ჩაყლაპვა–ამოყლაპვა. გახსოვთ, ალბათ, სტომატოლოგიური მიდრეკილებების მქონე კომბლეს ცხვრების სამდღიანი ვიზიტი დათვის ფაშვში დასრულებული უკან ამოყლაპვით, პინოქიო–ბურატინოს პაპა კარლო–ჯუზეპეს ცხოვრების წლები ვეშაპის კუჭში, წითელქუდასა და ღვეზელების მოყვარული ბებიის იძულებითი ხანმოკლე სტუმრობა მგლის მუცელში ( თუმცა ამ უკანასკნელმა ფიზიოლოგიურ ამოყლაპვაზე უარი განაცხადა და საკეისრო გაუკეთეს).
       მძიმე კატეგორიის ზღაპრებს უნდა დაერთოს ლოგო "+12", რათა იქ მოყვანილმა სპეც–ეფექტებმა სუსტი ყელის...არა, სუსტი ბრონქების...არა, სუსტი კუჭ–ნაწლავის....აა, ჰო, სუსტი ნერვების მქონე ბავშვები პოტენციურ ჰიპერ–აგრესიულ "მძიმებავშვობიან" მოზარდებად არ აქციოს.
      ამ კატეგორიაში შემავალი ასორტიმენტიდან განსაკუთრებით ეფექტური სამეული ასე გამოიყურება:

      III ადგილი :  "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"
          შეგახსენებთ ზღაპრის მოკლე შინაარსს: გარდაცვლილმა ცოლმა გაციება ვერ მოასწრო, ფიფქიას მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. სადიზმისკენ მიდრეკილმა სტანდარტულად ბოროტმა  და არასტანდარტულად ლამაზმა დედინაცვალმა ქვეშქვეშა და ინტრიგანი სარკის გავლენით  მსახურს ფიფქიას დაკვლა და ძირითადი შინაგანი ორგანოების ასორტის მოტანა უბრძანა.  ტყეში გაურკვეველი საუბრის და კიდევ უფრო გაურკვეველი საზღაურის ფასად მსახურმა ფიფქია გაუშვა. შემდეგ ფიფქია მოხუცის მომვლელად,ძიძად, დამლაგებლად, მზარეულად და ცხოველების მომთვინიერებლად იწყებს მუშაობას არც მეტი, არც ნაკლები, შვიდკაციან სახლში. პატიოსნების განსახიერება დედინაცვალი ვერ უძლებს ოჯახის შერცხვენას და აპრობირებული ვაშლის მეთოდით ცდილობს მის თავიდან მოშორებას. თუმცა  ჩვენს lucky ფიფქიას ნეკროფილი პრინცი ევლინება გამსაღებლად და ბედნიერი ცხრაკუთხედი (7+1+1) ერთად იწყებს ცხოვრებას.



      II ადგილი:       "ლურჯწვერა"

                                
  
                                     
      სერიულ მკვლელ ლურჯწვერას მორიგი მსხვერპლი მოჰყავს ცოლად. უნდა ითქვას, რომ გოგონა თავისი ნებით მიჰყვება. სამსახურის საქმეზე მივლინებაში მიმავალი  ქმარი ერთადერთ რამეს თხოვს მეუღლეს: არ ნახოს რომელიღაც მიულაგებელი საკუჭნაო. როგორც კი ლურჯწვერა სახლიდან მიდის, მაშინვე მოქანდებიან სიდედრი და ცოლისდები და სახლის თვალიერებასა და ჭორაობას მოჰყვებიან. სულწასული, ჭორიკანა, ტრაბახა არამკითხე მოამბემ (ანუ ცოლმა) სავარაუდოდ არ იცის ანდაზა – კატამ თხარა, თხარაო, თავის დასაკლავი დანა გამოთხარაო და  საკუჭნაოში შედის. აქ ანტონი ჰოპკინსის ფან– ლურჯწვერას მიერ ყელგამოჭრილ  ჭრიალა დაჟანგულ   კავებზე დაკიდულ ექს–ცოლებს პოულობს. სიგნალიზაციის ნათებაზე ლურჯწვერა სახლში ბრუნდება, შემდეგ დაძაბული მუსიკის თანხლებით დიდხანს ლესავს დანას.  ზუსტად ბოლო მომენტში მოუსწრებს ცოლისძმა და გადაარჩენს თავის დას.
       
       And the winner  iiiiis......

   I ადგილი:       "ცეროდენა"
    
                                    
     ღარიბ–ღატაკი ოჯახი აჩენს და აჩენს შვილებს. შიმშილის პირას მისული უსოციალურდახმარებო მშობლები შვილებს ტყეში გაყრიან. შემდეგ მამა ნანადირევს მოიტანს და ნასადილევს, გამაძღარ და კარგ ხასითზე მოსულ მშობლებს შვილები ახსენდებათ და, დედის გული მაინც რა არის, ნეტა აქ იყვნენო, ნატრობს. თურმე ნუ იტყვით და ცეროდანს, უმცროს შვილს, ჩუმად პურის ნამცეცებით გზა დაუნიშნია და და–ძმა უკან მოუყვანია. შვილების ნახვის სიხარული საჭმელთან ერთად ილევა და ჯიბეებშემოწმებულ (გზის დასანიშნი რამე არ ქონდეთო) ბავშვებს ისევ ტყეში ყრიან. 
ხეტიალისას ბავშვები დევის სახლს მიადგებიან. საბედნიეროდ, ღრძილებმტკივანი, ახალგაზრდა ხორცის მოყვარული დევი სახლში არ აღმოჩნდება. მისი ცოლი ბავშვებს დაანაყრებს და დამალავს. სახლში დაბრუნებული ყნოსვაგამახვილებული დევი  ბავშვებს პოულობს და დილისთვის ასევე დიდხანს ნალესი დანით უპირებს დაკვლას. ღამით ცეროდენა თავის და და–ძმების ქუდებს დევის პატარა, საყვარელბრჭყალებიან და წვეტიანკბილებიან ქალიშვილებს ახურავს, თვითონ კი მათ ოქროს გვირგვინებს იკეთებს.
ღამით შეზარხოშებული დევი ვერაფერს ამჩნევს  და საკუთარ შვილებს დიდი სიამოვნებით ჭრის ყელს. დილით დრამატული სცენა ვითარდება: დევი პოულობს: ციტატა: "საკუთარ სისხლში მობანავე ყელგამოჭრილ" შვილებს, ცეროდენასთან შეხლა–შემოხლისას თონეში ვარდება და იწვება. მთელ ქონებას  დევის ცოლი და ცეროდენა იყოფენ. გამდიდრებული უმცროსი შვილი თავის და–ძმებით მშობლიურ სახლს უბრუნდება, სადაც, ციტატა:"ენითაუწერელი სიხარულით ხვდებიან".


   პირველ ადგილზე გასული ზღაპარი ჩემი ფავორიტია და შეიძლება სუბიექტურიც ვიყავი. იმედია სხვა სისხლმოწყურებული ზღაპრის გმირები არ განაწყენდებიან.
                                                   
                    
                          

3 Response to "ზღაპარ იყო..."

  1. Grin says:
    November 24, 2010 at 4:16 AM

    dzalian magari posti iyo bevri vixalise etyoba kargi blogi iqneba,xshirad shemoviwyitav

    p.s.cerodena girsi iyo pirveli adgilisa,me vicodi rom devis coli gadaarchenda cerodena da mis dedmamisshvilebsda mat nacvlad devs tavis shvilebs sheawmevda

  2. სოფი שרה Golden says:
    March 15, 2011 at 5:55 AM

    ეს იყო (და არის) ჩემი ფავორიტი პოსტი ბლოგერების კრებულში. კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო :))))

  3. makdoli says:
    March 23, 2011 at 3:07 AM

    დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ :)