მე წითელი მქვია



მე – მკითხველი

           ცისფერფარეჯამოცმული მივაბიჯებ სტამბოლის ძველ უბნებში.
           ყავახანიდან თვით ეშმაკის მოდუღებული ყავის თავბრუდამხვევი სურნელი გამოდის. ნაცრისფერი მაწანწალა ძაღლი ცხოვრებანანახი თვალებით მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის ჩამასობს ვარდისფერ ხორცში რძისფერ კბილებს.
           მწვანე ტყავის ქისაში ჩიტის თვალზე ბევრის მნახველი ფული მიყრია. მაგრამ ნაირ–ნაირი ტკბილი ჰალვის ყიდვას არ ვაპირებ, რადგან ის გახრწნილი სხეულით გაჟღენთილ ქორწილში მიჯნურთა მესაიდუმლეს დაუტკბობს პირს. ქორწილში, სადაც თეთრ ზღაპრულ ცხენზე ამხედრებულ მოხეტიალე სულს ფანჯარაში ერთხელ ნანახი საკუთარი ოცნება მოჰყავს ცოლად.
          ცისფრად მოკირწყლულ იპოდრომზე გავლისას წაბლისფერი სადოღე ცხენების მშვენიერ ფლოქვებს მოვერიდები. ქვეყნის ბრძანებელი მზისფერი ფადიშაჰის სასახლეში მივდივარ.
          ოქროსფერ სასახლეში მკვლელობისფერი წიგნი უნდა ვნახო.
          წიგნი, რომლის შექმნისას ვნებამორეული მხატვრები სანთლის შუქზე იბრმავებენ თვალისჩინს და ცოდვის შიშით აკანკალებულნი თავს თვით შემოქმედს უტოლებენ.
         წიგნი, რომელიც ქვეყნის მბრძანებელმა სატანამ ქვეყნის შემოქმედი ალაჰის სადიდებლად შექმნა.
         წიგნი, რომელიც მისი ყველა მნახველის სულს იპარავს და აქცევს ფერებად, რომლებიც თავს უხრიან იმ ერთადერთ ფერს, რომელსაც ცივი რკინის გემო აქვს და ვინც შეეხება, თითებს უშანთავს, სიცოცხლისა და სიკვდილის ფერს,
        ფერს, რომელსაც წითელი ჰქვია!



პოსტი განახლდა  Book 'n' Roll - თხზულებების კონკურსისთვის

1 Response to "მე წითელი მქვია"

  1. Anonymous Says:
    February 11, 2015 at 1:30 PM

    ძალიან მომეწონაა =)