ბავშვობის განუყრელი მეგობრები


ბავშვობაში წაკითხული წიგნები განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან  გავლენას ახდენენ პატარა მკითხველის ხასიათის და საერთოდ  პიროვნების ჩამოყალიბებაში. ისინი ყველაფერს თავისებურად, სულ სხვანაირად აღიქვამენ. ამიტომაცაა უსაშველოდ რთული საბავშვო წიგნების წერა და ჩემი მორიდებული აზრით, საბავშვო მწერლები ბევრად უფრო მეტ პატივსაცემას და დაფასებას იმსახურებენ, ვიდრე რეალურად იღებენ.
      მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მხიარული  ბავშვი ვიყავი და ბევრი მეგობარიც მყავდა, თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად მაინც წიგნის კითხვა მიმაჩნდა ( მას შემდეგ ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა:)). წიგნის პერსონაჟები ხომ ოჯახის წევრებად მიმაჩნდა, მითუმეტეს, რომ დედა ან დეიდა თითქმის ყველა მათგანს იცნობდა და შეგვეძლო ერთად გვეცინა მათ სულელურ საქციელებზე. ავად გახდომა ხომ ფარული სიხარულის მიზეზიც იყო – პირველ რიგში, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს, სკოლის გაცდენა მიხაროდა და თან ვიცოდი, რომ აუცილებლად მივიღებდი საჩუქრად ახალ წიგნს, ახალი და მხიარული თავგადასავლებით. ჭამაც კი მავიწყდებოდა კითხვისას, რამდენჯერ უარი მითქვამს "წრეში ბურთის" ან "სტოპობანას" თამაშზე.
      მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ჩემი გოგონაც ჩემსავით წიგნის ჭია აღმოჩნდა. როდესაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ავტორები მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ხელახლა არც გამოცემულა და თანდათან დავიწყებასაც ეძლევა. მე კი მქონდა შემორჩენილი გაყვითლებულ–გაცრეცილი ძველი გამოცემები, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ თანამედროვე ბავშვების უმრავლესობა მათ ვერ კითხულობს.
       მართალია, ასტრიდ ლინდგრენს დიდი და განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბავშვო ლიტერატურულ სამყაროში, იყვნენ სხვა, ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ საინტერესო და თბილი წიგნების ავტორები.
11.ვოლდემარ ბრანკი – „პატარა ადამიანი დიდ გზაზე“ – ამ ავტობიოგრაფიული რომანში პატარა ლატვიელი ბიჭუნას ღარიბული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას და  მოგზაურობას ყოველთვის თან სდევდა შემწვარი ძეხვების გემრიელი სურნელი.
10.ედმუნდ მიზიურსკი – „მარეკ პეგუსის ფათერაკებიანი თავგადასავალი“ – ჩემი პირველი დეტეტქტივი.
9.ჯანი როდარი – „ლაჟვარდისფერი ისარი“ – კეთილი მატარებელი მხიარული მგზავრებით.
8.ენო რაუდი – „მუფთას,ხავსიწვერა და წაღანახევარა“ – სამი დაუღალავი მეგობარი სუპერტექნოლოგიური ფურგონითა და მხიარული იდეებით
7.როალდ დალი – „ჯადოსნური თითი“, „სასწაულთმოქმედი მისტერ მელა“ და ცნობილი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.
6.ქრისტინე ნესტლინგერი – „ძირს კიტრა ხელმწიფე“ და „ლოლიპოპი“ – ჩვეულებრივი ქალაქური ოჯახების უჩვეულო ამბები
5.ნოდარ წულეისკირი – „მურიკელა ღრრ“ და „წიაქას თავგადასავალი“ – „დიდი“ პატარების თუ პატარა „დიდების“ ცხოვრებისეული „სირთულეები“
აი, შემდეგი ოთხი წიგნი კი უზომოდ მიყვარს და ნებისმიერ ასაკში მეყვარება:* მათი აღწერა ძალიან მიჭირს.
4.ჰელენა შმაჰელოვა – „როდის მოვა დორა?“ – თითქოს მხიარული უნდა იყოს, მაგრამ საშინლად სევდიანია მაინც
3.ანე–კატარინევესტლი – „დედა, მამა, რა ბავშვი და საბარგო მანქანა“ და „დედა, მამა და რვა ბავშვი ტყეში“ – უსაყვარლესი, სიცოცხლით სავსე ოჯახი, რომლის ყველა ოჯახის წვერის სახელი „მ“–ზე იწყებოდა ( ისევე როგორც ჩემი :) )
2.ფერენც მოლნარი – „ბიჭები პალის ქუჩიდან“ – სიმართლე გითხრათ, ამ წიგნს „საბავშვო“ კატეგორიაში არ გავიყვანდი...<3
და ბოლოს
1.მონტეირო ლობატო – „ყვითელი კოდალას ორდენი“ – ჩემი ძალიან მიკერძოებული აზრით, ამაზე უკეთესი საბავშვო წიგნი არც დაწერილა.
      გარდა...
       ჰო, ისევ ასტრიდ ლინდგრენი, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო. სალტკროკელებზე მხიარული, თბილი და ბრძენი ხალხი ჯერ არ შემხვედრია და არც შემვხდება

7 Response to "ბავშვობის განუყრელი მეგობრები"

  1. Keti says:
    December 5, 2011 at 10:52 PM

    რამდენი საყვარელი წიგნი გამახსენე! ეს მარეკ პეგუსი მიყვარდა :)

  2. glamtaia says:
    December 23, 2011 at 5:59 AM

    ვოლდემარ ბრანკი – „პატარა ადამიანი დიდ გზაზე“ - დღემდე მაწუხებს სურვილი გავსინჯო ერთი კალაჩი მაინც :)
    ედმუნდ მიზიურსკი – „მარეკ პეგუსის ფათერაკებიანი თავგადასავალი" - უსაყვარლესი დეტექტივი, განასაკუთრებით პან ფანფარაა საყვარელი :)
    ანე–კატარინევესტლი – „დედა, მამა, რა ბავშვი და საბარგო მანქანა“ - დაახლოებიტ ერთი თვის წინ წავიკიტხე და აღფრთოვანებული დავრჩი :)
    მონტეირო ლობატო – „ყვითელი კოდალას ორდენი“ - ეს წიგნი ჩემს დედაშვილს მოუტანს, ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული და მეც გემრიელად ვისისამოვნე. რამდენადაც გავრკვიე მეორე ნაწილიც არის.

  3. makdoli says:
    December 26, 2011 at 10:50 PM

    glamtaia - პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც ბრანკი აქვს წაკითხული და ძალიან გამიხარდა:)მაგრამ წიგნი აღარ მაქვს და ნელ–ნელა მავიწყდება :( "ყვითელი კოდალას ორდენი" და " დედა,მამა, რვა ბავშვი" ბავშვობაში რომ წაგეკითხა, წარმომიდგენია როგორ მოგეწონებოდა:) ( თან ამ ახალი გამოცემის "ყვითელი კოდალას" ილუსტრაციები არ მომწონს, საერთოდ არ შეეფერება მთავარ გმირებს)
    keti- რამდენს ყვარებია მარეკ პეგუსი :) სიამოვნებით შევიძენდი ყველა წიგნს და ხელახლა წავიკითხავდი :)

  4. თეია Says:
    January 3, 2012 at 10:48 AM

    ვკითხულობდი და მეგონა ჩემს მაგივრად წერდით :) განსაკუთრებით ავად გახდომა - მართლაც ნამდვილი დღესასწაული იყო ჩემთვის, შემეძლო აბსოლიტურად "კანონიერად" მეკითხა ჩემი საყვარელი წიგნები. ამ ბლოგს კი იმიტომ წავაწყდი, რომ უკვე მერამდენე წელია ვეძებ წიგნს "როდის მოვა დორა". სამწუხაროდ ჩემი ბავშვობის წიგნები დაიკარგა, ამიტომ ავტორი არ მახსოვდა და დღეს გავარკვიე როგორც იქნა. "მარეკის" ახალ გამოცემას ამას წინათ წავაწყდი. ხომ არ იცით "დორა"-ს ბედი? რომ მქონდეს სიამოვებით ავკრიფავდი და ელექტრონულ ვერსიას დავდებდი სადმე

  5. Unknown says:
    December 29, 2013 at 11:37 PM

    "მუფთა, ხავსიწვერა და წაღანახევარა" - დღემდე უშედეგოდ ვეძებ ამ წიგნს ბუკინისტებთან. საოცრად მაგარი რამეა. :)

  6. Unknown says:
    April 27, 2018 at 1:35 AM

    ჰაჰაჰჰ :) ჩემი დაწერილი მგონია :) ასტრიდი, მარეკი, ლაჟვარდისფერი ისარი, ყვითელი კოდალას ორდენი.. ბავშვობასავით ჯადოსნური არაფერია სამყაროში :)

  7. Anonymous Says:
    June 2, 2022 at 6:32 AM

    როგორ ვეძებ ამ წიგნებს. დაბეჭდონ რა ხელახლა