მე წითელი მქვია



მე – მკითხველი

           ცისფერფარეჯამოცმული მივაბიჯებ სტამბოლის ძველ უბნებში.
           ყავახანიდან თვით ეშმაკის მოდუღებული ყავის თავბრუდამხვევი სურნელი გამოდის. ნაცრისფერი მაწანწალა ძაღლი ცხოვრებანანახი თვალებით მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის ჩამასობს ვარდისფერ ხორცში რძისფერ კბილებს.
           მწვანე ტყავის ქისაში ჩიტის თვალზე ბევრის მნახველი ფული მიყრია. მაგრამ ნაირ–ნაირი ტკბილი ჰალვის ყიდვას არ ვაპირებ, რადგან ის გახრწნილი სხეულით გაჟღენთილ ქორწილში მიჯნურთა მესაიდუმლეს დაუტკბობს პირს. ქორწილში, სადაც თეთრ ზღაპრულ ცხენზე ამხედრებულ მოხეტიალე სულს ფანჯარაში ერთხელ ნანახი საკუთარი ოცნება მოჰყავს ცოლად.
          ცისფრად მოკირწყლულ იპოდრომზე გავლისას წაბლისფერი სადოღე ცხენების მშვენიერ ფლოქვებს მოვერიდები. ქვეყნის ბრძანებელი მზისფერი ფადიშაჰის სასახლეში მივდივარ.
          ოქროსფერ სასახლეში მკვლელობისფერი წიგნი უნდა ვნახო.
          წიგნი, რომლის შექმნისას ვნებამორეული მხატვრები სანთლის შუქზე იბრმავებენ თვალისჩინს და ცოდვის შიშით აკანკალებულნი თავს თვით შემოქმედს უტოლებენ.
         წიგნი, რომელიც ქვეყნის მბრძანებელმა სატანამ ქვეყნის შემოქმედი ალაჰის სადიდებლად შექმნა.
         წიგნი, რომელიც მისი ყველა მნახველის სულს იპარავს და აქცევს ფერებად, რომლებიც თავს უხრიან იმ ერთადერთ ფერს, რომელსაც ცივი რკინის გემო აქვს და ვინც შეეხება, თითებს უშანთავს, სიცოცხლისა და სიკვდილის ფერს,
        ფერს, რომელსაც წითელი ჰქვია!



პოსტი განახლდა  Book 'n' Roll - თხზულებების კონკურსისთვის

წავიკითხე და 

უსარგებლო რჩევები

  •  ის, რომ სხვა შენზე ლამაზია, არ ნიშნავს, რომ შენზე სულელია;
  • ის, რომ შენ ცოლი ვერ მოგყავს, არ ნიშნავს რომ ყველა ცოლი ბალამუტაა;
  •  ის, რომ შენ დიეტას ვერ იცავ, არ ნიშნავს, რომ მსუქნებს უფრო კარგი ხასიათი აქვთ;
  • ის, რომ შენ შვილი (ჯერ) არ გყავს, არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი მხოლოდ წვინტლიანი და ღნავალაა.
  • ის, რომ სხვას ბოლო/თანამედროვე მოდაზე არ აცვია, არ ნიშნავს რომ მას გემოვნება არ აქვს;
  • ის, რომ შენს ცოლს შენზე მეტი შემოსავალი აქვს, არ ნიშნავს, რომ სიდედრს უნდა აგინო;
  • ის, რომ უზარმაზარ განსხვავებულს ჩაისხამ ქამრისგან განგრენადაწყებულ სიმძიმისცენტრგადანაცვლებულ მუცელში დიასახლისის სადღეგრძელოზე, არ ნიშნავს, რომ ამ დროს  გადაყირავებული ტყემლით დასვრილ სუფრას უფრო ადვილად გარეცხავს "ნადღეგრძელები" დიასახლისი;
  • ის , რომ შენ წარმატებას ვერ მიაღწიე, არ ნიშნავს, რომ ყველგან კარგი ცხოვრებაა შენი ქვეყნის გარდა. 
  • ის, რომ ახალგაზრდა აღარ ხარ, არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ცანცარები და უჭკუოები არიან;
  • ის, რომ შენ ახალგაზრდა ხარ, არ ნიშნავს, რომ ასაკოვან ხალხზე მეტი იცი;
  • ის, რომ უნარ–ჩვევების გამოცდა ჩააბარე, არ ნიშნავს, რომ უფროსებს და/ან მანდილოსნებს პატივი არ უნდა სცე;
  • შენი წარუმატებლობა სხვისი მსუბუქი ყოფაქცევის ბრალი არაა;
  • სხვისი სილიკონითა თუ სხვა წყალგაუმტარი მასალით შელამაზებული სხეულის ხშირი ხსენება შენ ვერ გაგალამაზებს;
  • შენზე მეტი სიმდიდრის პატრონის ბოღმისა და ჟმოტობის ხსენება შენ ვერ გაგამდიდრებს;
  • განათლებული ადამიანის სიღარიბის აღნიშვნა შენ ვერ დაგაჭკვიანებს;
  • თუმცა...
  • სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ააშენებ, კი.

წავიკითხე და 

პატარა უფლისწულის სიზმარი

:|

წავიკითხე და 

ბავშვობის განუყრელი მეგობრები


ბავშვობაში წაკითხული წიგნები განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან  გავლენას ახდენენ პატარა მკითხველის ხასიათის და საერთოდ  პიროვნების ჩამოყალიბებაში. ისინი ყველაფერს თავისებურად, სულ სხვანაირად აღიქვამენ. ამიტომაცაა უსაშველოდ რთული საბავშვო წიგნების წერა და ჩემი მორიდებული აზრით, საბავშვო მწერლები ბევრად უფრო მეტ პატივსაცემას და დაფასებას იმსახურებენ, ვიდრე რეალურად იღებენ.
      მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მხიარული  ბავშვი ვიყავი და ბევრი მეგობარიც მყავდა, თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად მაინც წიგნის კითხვა მიმაჩნდა ( მას შემდეგ ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა:)). წიგნის პერსონაჟები ხომ ოჯახის წევრებად მიმაჩნდა, მითუმეტეს, რომ დედა ან დეიდა თითქმის ყველა მათგანს იცნობდა და შეგვეძლო ერთად გვეცინა მათ სულელურ საქციელებზე. ავად გახდომა ხომ ფარული სიხარულის მიზეზიც იყო – პირველ რიგში, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს, სკოლის გაცდენა მიხაროდა და თან ვიცოდი, რომ აუცილებლად მივიღებდი საჩუქრად ახალ წიგნს, ახალი და მხიარული თავგადასავლებით. ჭამაც კი მავიწყდებოდა კითხვისას, რამდენჯერ უარი მითქვამს "წრეში ბურთის" ან "სტოპობანას" თამაშზე.
      მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ჩემი გოგონაც ჩემსავით წიგნის ჭია აღმოჩნდა. როდესაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ავტორები მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ხელახლა არც გამოცემულა და თანდათან დავიწყებასაც ეძლევა. მე კი მქონდა შემორჩენილი გაყვითლებულ–გაცრეცილი ძველი გამოცემები, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ თანამედროვე ბავშვების უმრავლესობა მათ ვერ კითხულობს.
       მართალია, ასტრიდ ლინდგრენს დიდი და განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბავშვო ლიტერატურულ სამყაროში, იყვნენ სხვა, ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ საინტერესო და თბილი წიგნების ავტორები.
11.ვოლდემარ ბრანკი – „პატარა ადამიანი დიდ გზაზე“ – ამ ავტობიოგრაფიული რომანში პატარა ლატვიელი ბიჭუნას ღარიბული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას და  მოგზაურობას ყოველთვის თან სდევდა შემწვარი ძეხვების გემრიელი სურნელი.
10.ედმუნდ მიზიურსკი – „მარეკ პეგუსის ფათერაკებიანი თავგადასავალი“ – ჩემი პირველი დეტეტქტივი.
9.ჯანი როდარი – „ლაჟვარდისფერი ისარი“ – კეთილი მატარებელი მხიარული მგზავრებით.
8.ენო რაუდი – „მუფთას,ხავსიწვერა და წაღანახევარა“ – სამი დაუღალავი მეგობარი სუპერტექნოლოგიური ფურგონითა და მხიარული იდეებით
7.როალდ დალი – „ჯადოსნური თითი“, „სასწაულთმოქმედი მისტერ მელა“ და ცნობილი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.
6.ქრისტინე ნესტლინგერი – „ძირს კიტრა ხელმწიფე“ და „ლოლიპოპი“ – ჩვეულებრივი ქალაქური ოჯახების უჩვეულო ამბები
5.ნოდარ წულეისკირი – „მურიკელა ღრრ“ და „წიაქას თავგადასავალი“ – „დიდი“ პატარების თუ პატარა „დიდების“ ცხოვრებისეული „სირთულეები“
აი, შემდეგი ოთხი წიგნი კი უზომოდ მიყვარს და ნებისმიერ ასაკში მეყვარება:* მათი აღწერა ძალიან მიჭირს.
4.ჰელენა შმაჰელოვა – „როდის მოვა დორა?“ – თითქოს მხიარული უნდა იყოს, მაგრამ საშინლად სევდიანია მაინც
3.ანე–კატარინევესტლი – „დედა, მამა, რა ბავშვი და საბარგო მანქანა“ და „დედა, მამა და რვა ბავშვი ტყეში“ – უსაყვარლესი, სიცოცხლით სავსე ოჯახი, რომლის ყველა ოჯახის წვერის სახელი „მ“–ზე იწყებოდა ( ისევე როგორც ჩემი :) )
2.ფერენც მოლნარი – „ბიჭები პალის ქუჩიდან“ – სიმართლე გითხრათ, ამ წიგნს „საბავშვო“ კატეგორიაში არ გავიყვანდი...<3
და ბოლოს
1.მონტეირო ლობატო – „ყვითელი კოდალას ორდენი“ – ჩემი ძალიან მიკერძოებული აზრით, ამაზე უკეთესი საბავშვო წიგნი არც დაწერილა.
      გარდა...
       ჰო, ისევ ასტრიდ ლინდგრენი, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო. სალტკროკელებზე მხიარული, თბილი და ბრძენი ხალხი ჯერ არ შემხვედრია და არც შემვხდება

წავიკითხე და 

როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ (მინიტუტორიალი)

 ეს პოსტი დრაფტებში აღმოვაჩინე, შარშანდელი თარიღით :)


ბოლო პერიოდში ჟურნალებთან ერთად წიგნებიც იყიდება, საკმაოდ იაფად. ჰოდა, ამ წიგნების შეძენისას, ეს ჟურნალებიც შემომეყიდა (იძულებით). დროთა განმავლობაში ჟურნალებიც შემომეკითხა ალაგალაგაღმოჩნდა, რომ ასაკით,  პროფესიითა  და პოპულარობის მიზეზით განსხვავებული ადამიანები საოცრად გვანან ერთმანეთს. სულ რაღაც 1 ლარად სენსაციური ამბების გაგება შეგიძლიათ. თურმე, თითქმის ყველა დილით იღვიძებს და დღეში ერთხელ მაინც იძინებს. გაგიკვირდებათ და, ზოგჯერ საჭმელადაც იცლიან და თითქმის არასდროს ავიწყდებათ სახლიდან გამოსვლის წინ ჩაცმა. ამ სტატიების კითხვისას ერთი კითხვა გამიჩნდა: როგორ ახერხებენ ჟურნალისტები ამდენი და ესოდენ განსაკუთრებული ხალხის ინტერვიუების ჩაწერას. და აი, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მივაგენი იმ უნივერსალურ კითხვას, რომლის მიხედვითაც მთელი გვერდი ინტერვიუს შედგენა შეიძლება ( რესპონდენტი აუცილებელიც არ არის). ყველაფერი გენიალური მარტივიაო და ეს კითხვაც საკმაოდ უბრალოდ და ბუნებრივად ჟღერს:

          –დილით ყავას მიირთმევთ?


  ეს კითხვა გენიალური ჯერ იმითაც არის, რომ მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოტა თუ გაგვიმართლებს და პასუხს „გავარტყამთ“, საერთოდ აღარ გვჭირდება გამოსაკითხი ობიექტი.


მაშ ასე, განვიხილოთ დადებითი პასუხის შემთხვევაში, რისი გაგება შეგვიძლია. დილით ყავას მიირთმევს? ესე იგი, უნდა, ესე იგი, ჭირდება, იმიტომ, რომ დილით გამოფხიზლება უჭირს. რატომ უჭირს გამოფხიზლება? იმიტომ, რომ ღამით გვიან იძინებს ( აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგჯერ დილამდეც ვერ იძინებს). ღამით რატომ ვერ იძინებს? აქ ორი უწყინარი ვარიანტია: ხან

წავიკითხე და 

not happy, but still birthday



ამასობაში ჩემი ბლოგი 1 წლის გამხდარა. არადა, როგორც ყველა დაუგეგმავ–მოუფიქრებელი ექსპერიმენტი, ესეც მალევე წარუმატებლად უნდა დამთავრებულიყო. პროგნოზის პირველი ნაწილი  გამართლდა, მაგრამ აი ალოგიკურად სიცოცხლისუნარიანი კი გამოდგა. შიგადაშიგ ლეთარგიულ ძილშიც ვარდებოდა, მაგრამ ვეშაპივით ცალი თვალი მაინც ჰქონდა გახელილი. ბლოგს თვალი რომ გადავავლე, "ჩვილობის" პერიოდის პოსტები ბევრად ჯობია ბოლოდროინდელს.ასე რომ, ჯობია ახალგარზდობის პერიოდი გამოტოვოს და პირდაპირ სიბერეში შევიდეს.დიდი შორსმიმავალი პერსპექტივები და ამბიციები არც მანამდე ჰქონია და 12ფურცლიანი მწვანე რვეულის შემცვლელად ასეთიც გამოდგება. თავისებური სარგებლობა მაინც მოიტანა – აღმოაჩინა ბევრი საინტერესო ბლოგი, ანუ ის, რაც თავად ვერ შეძლო. გულისამაჩუყებელი წინადადებების მოფიქრება მეზარება – აი, სულ რომ ჩემთანაა, ჩუმად რომ მელოდება, ყველანაირ ხასიათზე მყოფს მიტანს, ყველაზე კარგად ესმის ჩემი და ა.შ. და ა.შ. მითუმეტეს, რომ ბოლო წინადადება (საბედნიეროდ) არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. ერთი სიტყვით, ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემს სასტუმრო ოთახში დრო დაკარგა, სამზარეულოდან გამომავალ ჭორებს მოუსმინა და აივნის ხედები დაათვალიერა. თავად ბლოგს კი ვუსურვებ, გამოსულიყოს იმ ძველი სანთებელას მდგომარეობიდან, მარტო ჩხაკუნი და ერთი–ორი ნაპერწკლის გაყრაღა რომ შეუძლია.

 

წავიკითხე და 

esinao nagita

        ცხოვრების ეს ეპიზოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო გავიდა, საკმაოდ და იმაზე მეტად ხშირად მახსენდება, ვიდრე ამის სურვილი მაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთლად ხალისიან გუნებაზე ვერ ვარ.
       7 წლის რომ ვიყავი, დედამ მუსიკაზე მიმიყვანა. ამიტომ თუ იმიტომ, პირდაპირ მეორე კლასში დამსვევს. მალევე მოვახერხე მუსიკის შეძულება და ისმოდა ყოველდღე და მთელი დღე სახლში – „დაჯექი, იმეცადინე!“
      მესამე კლასში სხვა მასწავლებელთან გადამიყვანეს. პირველი მასწავლებლისგან განსხვავებით, ქალბატონი  ნათელა საკმაოდ სიტყვაძუნწი, არაქართული გარეგნობის და სტილის ქალბატონი აღმოჩნდა. მის ლაპარაკს, მანერებს, ვარცხნილობასაც კი, შინაგანი, რაღაც ფრანგულ–არისტოკრატული პეწი დაჰკრავდა. იქაური სკოლის მასწავლებლებს თითქმის არ ეკონტაქტებოდა. არ ვიცი, 8 წლის ბავშვი როგორ მივხვდი, მაგრამ

წავიკითხე და 

დამტკიცებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ



    
             ყოველ წელს განათლების სამინისტრო ფასითა და შინაარსით განახლებულ, "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდრიებულ" სასკოლო წიგნებს უშვებს. მოსწავლეთათვის წიგნები მაქსიმალურად საინტერესო  რომ გამოჩნდეს, ფერადი ტექსტებისა და სურათების გარდა, ჩვენი თანამედროვე სამინისტრო უკვე სხვა, "თინეიჯერთათვის" მიმზიდველ ხერხებს იყენებს.
      ამის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია მეცხრეკლასელთა ბიოლოგიის წიგნში მოცემული საშინაო დავალება:
        "ჩაასხით(!) სინჯარაში სისხლი და დააყოვნეთ.....". და შემდეგ კიდევ რამოდენიმე მითითება.
         მიხვდით? ჰო, აბა რა, რა პრობლემაა ერთ ჩვეულებრივი ოჯახსთვის ჰქონდეს ერთ ჩვეულებრივ საღამოს ცდებში გადასაღვრელი სისხლი? რა თქმა უნდა, ამით განათლების სამინისტრო ცდილობს ახალგაზრდების გულის მოგებას და აღიარებს, რომ
                  ვამპირები არსებობენ!დამტკიცებულია "ბინდის" საგის აქტიური ფანის – საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.(ბიოლოგია, IX კლ, ზაალიშვილი, იოსებაშვილი)


        P.S. აქვე კიდევ ერთი სახალისო დავალება ამავე წიგნიდან: ბინტის მჭიდრო ნახვევით დაიფიქსირეთ ხელის თითების, მაჯისა და იდაყვის სახსრები და ჩამოთვალეთ, რა სამუშაოს შესრულება ვერ შეძელით დღის განმავლობაში.

წავიკითხე და 

საგვარეულო რელიქვია

                 –შვილო, შენ დღეს სრულწლოვანი გახდი და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, უნდა გადმოგეცეს საგვარეულო რელიქვია, რომელსაც მოუფრთხილდები და მომავალ თაობას გადასცემ. სწორედ ეს დაამტკიცებს, როცა საჭირო იქნება, რომ ჩვენ –ყოველთვის უფრო ადრე ვიყავით. ამ უმნიშვნელოვანესი ნივთის ფლობის უფლება კი იმიტომ გვაქვს, რომ სწორედ ჩვენი წინაპარი იყო ის კაცი, რომელმაც პირველად მიაკაკუნა კარზე...
                 დაბნეულმა ახალგაზრდამ ცნობისმოყვარედ შეათვალიერა სეიფიდან გამოღებული ხის ყუთი. ხნიერმა მამაკაცმა ყუთს ახადა და იქედან ძველთაძველი თოკით შეკრული ორად გატეხილი თიხის ბოთლი ამოიღო. თოკი მოაძრო, ბოთლის ნატეხები ერთმანეთს მოაშორა და ყუთის ძირზე დავარდნილი გაცრეცილი, თხელი ტყავის ნაჭერი ბიჭს მიაწოდა. ტყავზე გაურკვევლი ასოებით ნაწერი ტქსტი იყო. მამაკაცმა ახლა ფურცელი გაუწოდა, რომელზეც უკვე ნაცნობი ასოებით დაბეჭდილი თარგმანი ეწერა:

წავიკითხე და 

როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა

        ვეცდები ეს პოსტი პირად/სუბიექტური განცდებისგან მაქსიმალურად გავა(ნ)თავისუფლო და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი შევძინო. 
        მაშ ასე, დიდი სურვილისა და მტკიცე გადაწყვეტილების ხორცშესხმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით უნდა დაიწყოთ.  ე.წ. თეორიის ანუ საგამოცდო ბილეთების სწავლა ყველაზე უკეთ სპეციალური წიგნით შეიძლება, სადაც ყველა (+1000) ბილეთია დაბეჭდილი. წიგნს ერთდაერთი მინუსი ის აქვს, რომ ბილეთებს მხოლოდ სწორი პასუხები მოჰყვება, ახსნის გარეშე. თუმცა ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება ორი საკმაოდ გავრცელებული საიტის მეშვეობით. ორივე მათგანზე ზუსტად ის ბილეთებია მოცემული, რომლებიც გამოცდაზე გვხვდება, თუმცა დიდი შანსია, რომ რაც არ უნდა დიდხანს აკეთოთ საკუთარი თავის შესამოწმებელი 30 ბილეთიანი ტესტები, მაინც ვერ ნახოთ ყველა (+1000) ბილეთი, რადგან ისინი შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და ხშირ შემთხვევაში მეორდება. სწორედ ამ შემთხვევისთვისაა წიგნი, რომელშიც გარანტირებულად ყველა ბილეთის ნახვა შეგიძლიათ. ამ საიტზე ყოველ ბილეთს იქვე მოჰყვება ახსნა პატარა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ საიტზე კი ბილეთები თემების მიხედვითაც არის დალაგებული.

წავიკითხე და 

როგორ გაჩნდა ცისარტყელა (ზღაპარი)

 ერთ ფერად ქვეყანაში ერთი ლამაზი გოგონა ცხოვრობდა. ის ჩვულებრივი გოგონა არ იყო – მისი თმები ყოველდღე სხვადასხვა ფერის ყვავილებს ისხამდა. ორშაბათს – წითელს, სამშაბათს – ნარინჯისფერს, ოთხშაბათს – ყვითელს, ხუთშაბათს – მწვანეს, პარასკევს – ცისფერს, შაბათს – ლურჯს და კვირას – იასამნისფერს. ყველას უყვარდა ლამაზი გოგონა და ისიც ბედნიერად ცხოვრობდა.



    ერთ დღეს ლამაზ გოგონასთან ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი კაცი მივიდა.
    –მე უფერული ქვეყნიდან ვარო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – დიდი გზა გამოვიარე, შენთან რომ მოვსულიყავიო.
    –შენი ქვეყანა უფერული რატომ არისო? – ჰკითხა გოგონამ.
    –როდესაც ქვეყანაში ყველა მოწყენილია, ბოროტი ჯადოქარი მოდის და ფერებს ისრუტავსო,–აუხსნა მოხუცმა კაცმა, –ერთ დღეს ჩვენი ქვეყანაც დანაღვლიანდა და ჯადოქარმა ფერები წაგვართვაო.
    –ჩემთან რატომ მოხვედიო, – ჰკითხა გოგონამ.
    –ჩემი შვილიშვილი ავად გახდა, ლოგინიდან ვერ დგებაო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – მხოლოდ მაშინ გამოჯანმრთელდება, რაიმე ფერადს თუ დაინახავსო.
–მაგაზე ადვილი რა არისო, – უთხრა ლამაზმა გოგონამ, – ჩვენი ქვეყნიდან წაიღე ფერადი ქსოვილები და აჩვენეო.
    –რაც კი ჩვენს ქვეყანაში მოხვდება, ყველაფერს ფერი ეკარგებაო, – უთხრა მოხუცმა კაცმა, – მხოლოდ ერთი გზა არის მისი გადარჩენისო. სადღაც არსებობს ცის გამჭვირვალე მდინარე, რომელიც ცაში მირაკრაკებს, მაგრამ რადგან გამჭვირვალეა, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. თუ შენ ამ მდინარეს იპოვი და შენ თმებს მის წყალში დაასველებ, მდინარე გაფერადდება და ჩვენი ქვეყნის თავზე რომ გადაივლის, ჩემი შვილიშვილი მას დაინახავს და გამოჯანმრთელდებაო.
    –სად ვიპოვო ის მდინარეო, –ჰკითხა გოგონამ.
    –მარტო ის ვიცი, რომ მდინარე იმ მთიდან გადმოედინება, რომლის წვერიც ცას წვდებაო. – უთხრა მოხუცმა კაცმა და გაშორდა.
    ლამაზი გოგონა დაღონდა. არ იცოდა, ის მთა როგორ ეპოვა. უცებ ქუდიანი ბიჭი დაინახა.
    –რამ დაგაღონაო, –ჰკითხა ბიჭმა.
    გოგონამ თავისი გასაჭირი უამბო.
    –ვიცი, ეგ მთა სად არის, მე წაგიყვანო, – უთხრა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა და გზას გაუდგნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, ლამაზმა გოგონამ დაინახა მთა, რომლის წვერიც ცას წვდებოდა. ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა მთის წვერზე აცოცდნენ. გოგონამ გამჭვირვალე მდინარე დაინახა. მის ნაპირას ბალახზე დაწვა და ყვავილებიანი თმები წყალში ჩაჰყო. მდინარე  ყველა ყვავილის ფერი გახდა და შვიდფერი მდინარე მხიარულად წარაკრაკდა ზეცაში. უფერული ქვეყნის თავზე რომ გადაიარა, მოხუცი კაცის შვილიშვილმა თვალი მოჰკრა მას.
    –ბაბუ, ნახე ჩვენს ცას რა ლამაზი სარტყელი უკეთიაო, – დაიძახა მან და ლოგინიდან წამოხტა. გახარებული მოხუცი კაცი შვილიშვილს ჩაეხუტა.
    მთის წვერზე კი, სადაც ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა იყვნენ, დაღამდა.
    –ახლა რა ვქნაო,– ჰკითხა გოგონამ.
    –მე აქ ვცხოვრობ და იმ ბოროტს ჯადოქარს ვებრძვი, ფერებს რომ ისრუტავსო, – უთხრა ბიჭმა და ქუდი მოიძრო. მის თმაში უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა – როდესაც ღამდება, მე ამ ვარსკვლავებს ცაში ვაბნევ. თუ მათ დანახვაზე ერთი ადამიანი მაინც გაიღიმებს, ბოროტი ჯადოქარი იმ ქვეყნის ფერების წართმევას ვეღარ შეძლებსო. დარჩი ჩემთან და ერთად ვიცხოვროთო , –შესთავზა ბიჭმა. ლამაზი გოგონა დათანხმდა და მთის წვერზე დარჩა საცხოვრებლად.
    მას შემდეგ, როდესაც რომელიმე უფერულ ქვეყანაში ბავშვი ავად ხდება, ლამაზი გოგონა ყვავილებიან თმებს ცის მდინარეში ასველებს და მხიარული შვიდფერი მდინარეც იმ უფერული ქვეყნისკენ მირაკრაკებს. 


წავიკითხე და