დილა მშვიდობისა

       

'Dysania' is the state of finding it hard to get out of bed in the morning.


ავადმყოფობის ისტორია №
დიაგნოზი: Dysania
პაციენტის ჩვენება:
           "პირველი შეგრძნება, რაც დილით გაღვიძებისას მიჩნდება, არის ზიზღი და სიძულვილი მობილურზე დაყენებული მაღვიძარას "რინგტონის" მიმართ. ადრე "სნუზს" ვაჭერდი, მაგრამ ამ ე.წ. "მელოდიის" ორჯერ მოსმენა აუტანელი აღმოჩნდა. მაღვიძარა სავარაუდო ადგომის დრომდე ნახევარი საათით ადრეა დაყენებული. ამ დროის განმავლობაში ჩემი უნარების მინუსებში გადასული კოეფიციენტით ვეძებ რაიმე ობიექტურ მიზეზს, რომლის გამოყენებითაც შევძლებ ყველა ვალდებულებები "დავივიწყო" და ძილი გავაგრძელო, მაგრამ "ვითომ ჩამეძინას" გარდა ვერაფერს ვპოულობ. ამ დროს მახსენდება ასაკოვანი და თავაზიანი მძღოლი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აკითხავს სკოლაში წასაყვანად და ვდგები, გაცოფებული ყველა იმ ადამიანზე, ვინც დაასკვნა, რომ სამუშაო თუ სასწავლო დღის დაწყება დილით ადრე ჯობია. პირველი 15 წუთის განმავლობაში ვერ ვხედავ, ვერ ვლაპარაკობ, არ მესმის და მექანიკურად და ზომბივით გაურკვეველ დინამიკაში ვიმყოფები. მეხსიერების, აზროვნებისა და ორეინტაციის უნარი აბსოლუტურ ნულს უტოლდება. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ორი საათი და ერთი ჭიქა ყავაა საჭირო.
             მაგრამ არსებობს პარასკევი საღამო, რომლის შემდეგაც თენდება შაბათი. შაბათ დილით ჩემთვის არ არსებობს არც ოჯახი, არც სამშობლო, არც მსოფლიოს გეოპოლტიკურ/ეკონომიკურ/კატაკლიზმური მდგომარეობა, არანაირი ახალი სენსაციური ამბავი, არანაირი მატერიალური და, მითუმეტეს, არამატერიალური წახალისება. შაბათი დილა არის დამსახურებული ჯილდო, 5 დღის განმავლობაში საძულველი რინგტონის მოსმენის გამო მიღებული."

რამდენი წუთი/საათი გჭირდებათ გამოსაფხიზლებლად? ჩემს რეკორდს მაინც ვერავინ მოხსნის :)


გილოცავთ 8 მარტს


ზზზ....ტკაც!
შშშშ.....ბუ–ბუუჰჰჰ!
ვახ, ისევ აფეთქდა ეს ჩემის ასჯერ აფეთქებული.
ყველაფერი კვამლით და ნახერხით აივსო. აცრემლებული თვალები ჭუჭყიანი ხელით მოვიწმინდე და უარესად ამეწვა. ძლივს მივაღწიე ფანჯარასთან სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ჩამოვარდნილი ბომბის წუილივით ახლოვდებოდა ინეზას კივილი. ორ წუთში ისტერიულმა ყვირილმა სარდაფის კარი ჩამოხეთქა და ოცდაექვსი ალესილი კბილი თავზე დამაცხრა:
–შენ მომინელებ მე! შენ გამიხეთქავ გულს და დააობლებ ჩემს შვილებს! აღარ დაანებებ თავს მაგის ჩხიკინს? გესმოდეს მაინც რამე!– დოინჯი შემოირტყა, ღრმად ჩაისუნთქა და ახალი ენერგიით ამოხეთქა– რა სულელი ვიყავი! ნიჭიერიაო, ყველა მეუბნებოდა. ვიფიქრე, მეცნიერი გამოვა და მერე ნახონ თალიკომ და ნინამ, გულზე გასივდებიან–მეთქი. ახალგაზრდა ვიყავი და მოვტყუვდი. რა ტყუილად შეგალიე ჩემი ახალგაზრდობა! თავიც გამოფხეკილი გაქვს და ჯიბეც! – და ელვისებური სისწრაფით გამომიქანა კალენდრიდან მოხეული ფურცელი,– რა რიცხვია დღეს? აა? შენ გეკითხები!
მშვენივრად ვიცოდი, რა რიცხვიც იყო. ერთი კვირით ადრე მამცნო 8 მარტის მოახლოება და წამლის მიღების სიზუსტით მახსენებდა დღეში სამჯერ.
–რა დავაშავე ასეთი, მე არ ვარ ქალი?– უკვე მესამედ ვითვლიდი ინეზას ნიკაპზე ამოსულ განსაკუთრებით ჯიშიან ღინღლებს და უცებ პასუხის გაცემა გამიჭირდა.
–ვარ თუ არა ქალი? მყავს თუ არა ქმარი?
ისევ სიმართლის თქმა ვამჯობინე და თავი მტკიცედ დავუქნიე. ინეზას ხუჭუჭა თავი გაიზარდა, გაიზარდა, გაიბერა, , ჭერამდე გასივდა და მისგან აღმოცენდა ახალი გრიგალი სახელად:
–მერეეე? რაში მარგია ასეთი ქმარი? აგე, თალიკოს რა ქმარი ყავს, შარშან 8 მარტს გახსოვს რა სარეცხის მანქანა აჩუქა?– ჩემი მომავალი კუბო და თალიკოს სარეცხი მანქანა მახსოვდა მთელი წელი მკაფიოდ.– კვირაში სამჯერ მთავაზობს სარეცხის გარეცხვას, იცის, რომ არ გავარეცხინებ და იმიტომ. რა მჭირს მაგის შესახვეწი. ნინას დაფეხვილმა ქმარმა, შოფერი ეძახე შენ, არ მოუტანა შარშან  პოლუშუბკა? მერე რა რომ ხელოვნურია, არყის სუნიან ყოჩივარდებს ხომ ჯობია? დღეს მოასწრო უკვე გულის გახეთქვა –  ოქროს კულონი უჩუქებია, ზედ „ნ“ ასო აწერია. შენ გაჩუქე კუბო მე. თალიკოს არ დაურეკია ჯერ, აგროვებს ალბათ საჩუქრებს და საღამოს ამიწევს წნევას.
სწრაფად წარმოვიდგინე, როგორ მიმაქვს ცხელი წლით სავსე ტაშტით დივანზე მისვენებულ თავწაკრულ ინეზასთან.
–ორი წლის წინ,–ქრონოლოგიურად მიყვებოდა ინეზა,– შენმა თანამშრომელმა გოგო რომ გაათხოვა და სუფრაზე დაგვპატიჟა, ჯანდაბა მაგის თავს, რაღა შუა მარტში მოუნდათ ქეიფი. ხო–ხო, რა აღარ ჩამოთვალეს ქალებმა, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სარვამარტო საჩუქრებში.  რა უნდა მექნა, ჩემს ქმარს ახალი სახლი უყიდია და სიურპრიზად მომართვა გასაღები– მეთქი. მთელი საღამო იმ სახლს ვაწყობდით ქალები სუფრაზე. შენი კუბო დავდგი ძველ სახლში.
უცებ, ალბათ რომელიღაც სერიალი თუ გაახსენდა, სახეზე უბედურ–გაწამებული იერი გადაიკრა, თვალები ცრემლებით აევსო, სადღაც სივრცეს თვალი გაუშტერა და სლუკუნით თქვა:
–ხომ ვიცი, რომ ჩემთვის არაფერი გენანება. ალბათ მართლა სიურპრიზს მიმზადებ, –მერე ორი ტელესკოპი თვალებში ჩამარჭო და იმავე რაოდენიბის კბილებში გადმოფქვა – სანამ საჩუქარს არ მომიტან, სადილს ვერ ეღირსები!
ამაყად თავაწეული შეტრიალდა, კიბეზე გამართული ავიდა, თავი ჭერის ძელს გაარტყა, ერთიც მიმაწყევლა და კარი გაიჯახუნა.
მექანიკურად მივადექი ჩემს „საჩხიკინოს“ და მავთულები გადავაბი. ნათურები აციმციმდა, ძრავა აზიზინდა. ნაცნობი ტკაცანის მოლოდინში ყურებზე ხელები ავიფარე, მაგრამ ინდიკატორმა ლურჯი შუქი აანთო და უცებ ციფრების ეკრანიც ჩაირთო. ვახ, რა ხდება, ნუთუ... მაგრამ დრო მიდის, სასწრაფოდ თარიღი უნდა ჩავწერო: 07.03.1911. ქალაქი: კოპენჰაგენი. ღილაკს ვაჭერ...
ქვაფენილს დავეხეთქე. წამოვდექი, ტანსაცმელი გავიწმინდე. მივიხედ–მოვიხედე და...აი, ის წითელი შენობა, ახალგაზრდობის სახლიო. გული ამოვარდნაზე მაქვს. უამრავი ხალხი ირევა.
–Zetkin, Zetkin, waar is Clara Zetkin?- შევეკითხე ახალგაზრდა გოგონას. მან გასასვლელისკენ მიმანიშნა და შლაპიანი ქალი დამანახა.
ქუჩაში გავვარდი. აი, დავინახე და უკან გავყევი. რაღაც ფურცლებს ათვალიერებდა. მერე ვიწრო ქუჩაზე შეუხვია და მეც მივყევი. სულ ახლოს ვიყავი. უცებ მთელი მამაპაპური გინება, რაც კი ვიცოდი და არ ვიცოდი, პირიდან ამოვუშვი, ჩემი მოსისხლე კედელზე მივახეთქე და კისერზე წავუჭირე. პირწავარდნილი ინეზა იყო. უცებ შევამჩნიე, რომ ნელ–ნელა მისი სხეულიდან მამაკაცების ლანდები ამოდიოდნენ, ღიმილით თავს მიქნევდნენ, მხარზე მითათუნებდნენ, ქოჩორს მიჩეჩავდნენ. მეც ღიმილით ვპასუხობდი:
–არაფრის, არაფრის...