მორწმუნეობა მოდაში, ჩვევაში თუ....იქნებ, გულში?


              რამ(ო)დენიმე წლის წინ მორწმუნეობა მოდაში შემოვიდა. ტაძრები ივსებოდა ჯინსებზეთავსაფარშემოხვეული, ჯერუსვირინგო–ჰიპერტრიქოზიან მუცელგამოჩენილი თინეიჯერებითა (მოზარდი ახალქართულად) და ვარდისფერი, გაუგებრობაში მოყოლილი ბამბისქულა ბაიების წინადღეს(მეორე დღისთვის)სოლარიუმში ნამყოფი ან  სახეზე სქლადტონალურწასმული დედიკოებით. მღვდლის ხმას ფარავდა შემდეგი შინაარსის ფრაზები:
       –ვაიმე, ბევრ ხალხში ცუდად ვხდები, არ შემიძლია.
       –შენსას ლოყებზე ისევ დიათეზი აქვს ხო? ისევ „იმ“ დერმატოლოგთან დაგყავს, 50 ლარს რომ იღებს? იმიტომაც ვერ მოურჩა. ჩემი 40 ევროს მართმევდა და ყველა მეუბნება, შენნაირი ლოყებგაპრიალებული ბავშვი არ გვინახავსო.
       –როგორ ვუთხრა მამაოს, ამ გაქანებულ მარხვაში ყველის მონაჭრელი დანით მოჭრილი პური შევჭამე–თქო? ხო ვიქნები ღირსი არ მაზიაროს ამის გამო? მარა რა ჩემი ბრალია, იმ ჩემმა სასიკვდილე რძალმა მომაწოდა ის დანა, 3 თვეა არ ველაპარაკები და აჰა, სამაგიერო გადამიხადა.
      –ის, რუსთაველზე საახალწლოდ დაკიდებული ჭაღები თითო ორმოცი ათასი დოლარი ღირს თურმე...რა ცოტა ჩუმად, ხმამაღლა ვლაპარაკობ ახლა მე? სულ დაკარგეს ნამუსი, ამ ხნის კაცს როგორ მიბედავ, ტაძარში მაინც არ იყო... ღმერთო შენ გვიშველე.
     –როგორ გაგატარო, ადგილი რომ იყოს, მეც ხომ გადავიდოდი... ხოდა, სტიქაროსანი რომ ხარ, შვილო, მეტი მოთმინება გმართებს... რა ვუყო ახლა მე, მოძღვარს თუ გავლა უნდა, მეორე მხრიდან მოუაროს, ჯერ ფრთები არ მაქვს, რომ ავფრინდე...
      ამდაგვარ ფრაზებს ფონს უქმნიდა არცთუ იშვიათად აჟღერებული მობილურის ზარები, ფრენჩკანკანიდან დაწყებული, გომართელის ენერგიული სიმღერებით დამთავრებული.  განსაკუთრებით საქმეში ჩახედულები და ალღოიანები ხვდებოდნენ, რომ მოძღვრის პირით  წმინდანი საუბრობდა.
           ყოველკვირეული წირვებზე სიარული მყარდებოდა რამ(ო)დენიმე მონასტრის დათვალიერებით ვისუფრომეტფასიანი ბოტასებითა და „სახლში დატოვებული“ მანქანის
გასაღებგამოყოლილი ხაზგასმულად  ჩუმადმყოფი პატრონების  ვაჟნი (სერიოზული ახალქართულად) სახეებით.
          მას შემდეგ ცოტა, მაგრამ შეიცვალა. ბაიბედაზრდილი დედიკოები ევროპის ტურებზე გადაერთნენ. კლუბებში ღამენათევი 20+ ეიჯერები (გაზრდილები ჩემქართულად) დილის ძილს აღარ იფრთხობენ. მორწმუნეობის მოდის ერთგული, სტაჟიანი (მთელი 2 წელით) მიმდევრები კი ექს–წმინდანი მამაოების ბიუჯეტის ჯიპისმსყიდველუნარიანობას არჩევენ, საჭორაოდ კი არა, გულისტკივილით.
      მრევლი იცვლის მღვდლებს, ტაძრებს, ინტერესებს, მღვდლები იცვლიან მრევლს, ხასიათს, მანქანებს. ჩვენი ტაძრის მომვლელ თინიკოს კი ისევ ის ჟაკეტი აცვია, ისევ ისე ალაგებს ტაძარს, ასუფთავებს ეზოს, ყვავილებს უვლის, ზამთარ–ზაფხულ ცივ წყალში აქვს ხელები, ბოდიშების მოხდით ჩუმად დადის წირვის დროს და შემთხვევით  თუ გაკჰრავს ვინმეს, ნაცნობ–უცნობს ყველას  მხარზე კოცნის , ყველას უღიმის და ჯერ არ დაინტერესებულა, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ძეგლი წერეთელმა გვაჩუქა თუ მოგვყიდა.

0 Response to "მორწმუნეობა მოდაში, ჩვევაში თუ....იქნებ, გულში?"