ეჰ, დავბერდი მგონი


საბედნიეროდ, ექსტრემალურ სიტუაციებში იშვიათად ვხვდები, მაგრამ იმ დღეს ავტობუსში ასვლა მომიწია (აი, იმაში, ყვითელში, მარშრუტშეკვეცილში, შპროტის კონსერვივით გადავსებულ–დახუფულში, მგზავრობა რომ ხან უფასოა, ხან 40–30 თეთრი და ხანაც მითიური 5 ლარი ღირს). ავედი რა, ავტობუსი რომ გაჩერდა, კარებთან აღმოვჩნდი, მერე გარშემოწერილობის სივიწროვე და ფეხქვეშ სიმსუბუქე ვიგრძენი და უკვე შუა ავტობუსში ვიდექი ერთნახევარ ფეხზე. ჩვენი სამინისტროს განვითარებასავით მდგრადად ჩავაფრინდი სკამის სახელურს, რომელზეც (სკამზე) მუქ მწვანე შლაპა–პალტოთი, ღია მწვანე კლიფსებით, თეთრი შარფით, ხორცისფერი გრძელი ცხვირითა და ყავისფერი ტყავის ხელთათმანებით შეიარაღებული ქალბატონი ბრძანდებოდა. არ ვიცი რა სასწაულით მოვახერხე, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ იმ ქალს ერთხელაც არ შევხებივარ. და სწორედ მაშინ, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემს ნახევარ ფეხზე განგრენა მეწყებოდა, ხელი სახელურს შეეხორცა და გარდატეხის ასაკს გადარჩენილი ხერხემალი გამიმრუდდა, ეს მწვანეებიანი ქალბატონი მომიბრუნდა და  მითხრა:
     – თქვენი კაშნე ჩემს პალტოს რატომ ეხებაო(?!). მერე კაშნეს ფოჩი დემონსტრაციულად გადააგდო და ისე ენერგიულად დაიწყო პალტოს ფერთხვა, თითქოს ხარაჩოებიდან ჩამოცვენილი სამშენებლო ნაგავი დაყროდეს.
   რატომ ეხებაო, კაშნეს ფოჩი, ჩემს პალტოსო, აი იმ, ზემოთხსნებეულ ავტობუსში მკითხა. ყველაზე უფრო კი გული იმაზე დამწყდა, რომ თუ ერთი–ორი წლის წინ ორი ყურის პრინციპის გამოყენებით ამას ძალიან მშვიდად და მექანიკურად გავატრებდი და დავივიწყებდი, ეხლა ისე ავღშფოთდი, რომ კინაღამ (!) შევეპასუხე, თითქმის შევეპასუხე, ცოტაც და რამეს ვეტყოდი, უფრო უარესიც – მთელი გზა გონებაში ამ ქალისთვის სათქმელ ტექსტს ვალაგებდი და კინაღამ ჩემი გაჩერება გამომრჩა.
     ის ცოტა, რომელიც დამაკლდა, ერთ–ორ წელიწადში ალბათ შეივსება და აი მაშინ კი სულ დავბერდები.

1 Response to "ეჰ, დავბერდი მგონი"

  1. Keti says:
    April 21, 2011 at 11:57 PM

    რა კარგად წერ :)
    რამდენიმე წავიკითხე და მშვენიერი პატარა ამბებია..

    სასტუმრო–სამზარეულო–აივანი – მყუდრო სახლი გაქვს :)