დილა მშვიდობისა

       

'Dysania' is the state of finding it hard to get out of bed in the morning.


ავადმყოფობის ისტორია №
დიაგნოზი: Dysania
პაციენტის ჩვენება:
           "პირველი შეგრძნება, რაც დილით გაღვიძებისას მიჩნდება, არის ზიზღი და სიძულვილი მობილურზე დაყენებული მაღვიძარას "რინგტონის" მიმართ. ადრე "სნუზს" ვაჭერდი, მაგრამ ამ ე.წ. "მელოდიის" ორჯერ მოსმენა აუტანელი აღმოჩნდა. მაღვიძარა სავარაუდო ადგომის დრომდე ნახევარი საათით ადრეა დაყენებული. ამ დროის განმავლობაში ჩემი უნარების მინუსებში გადასული კოეფიციენტით ვეძებ რაიმე ობიექტურ მიზეზს, რომლის გამოყენებითაც შევძლებ ყველა ვალდებულებები "დავივიწყო" და ძილი გავაგრძელო, მაგრამ "ვითომ ჩამეძინას" გარდა ვერაფერს ვპოულობ. ამ დროს მახსენდება ასაკოვანი და თავაზიანი მძღოლი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აკითხავს სკოლაში წასაყვანად და ვდგები, გაცოფებული ყველა იმ ადამიანზე, ვინც დაასკვნა, რომ სამუშაო თუ სასწავლო დღის დაწყება დილით ადრე ჯობია. პირველი 15 წუთის განმავლობაში ვერ ვხედავ, ვერ ვლაპარაკობ, არ მესმის და მექანიკურად და ზომბივით გაურკვეველ დინამიკაში ვიმყოფები. მეხსიერების, აზროვნებისა და ორეინტაციის უნარი აბსოლუტურ ნულს უტოლდება. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ორი საათი და ერთი ჭიქა ყავაა საჭირო.
             მაგრამ არსებობს პარასკევი საღამო, რომლის შემდეგაც თენდება შაბათი. შაბათ დილით ჩემთვის არ არსებობს არც ოჯახი, არც სამშობლო, არც მსოფლიოს გეოპოლტიკურ/ეკონომიკურ/კატაკლიზმური მდგომარეობა, არანაირი ახალი სენსაციური ამბავი, არანაირი მატერიალური და, მითუმეტეს, არამატერიალური წახალისება. შაბათი დილა არის დამსახურებული ჯილდო, 5 დღის განმავლობაში საძულველი რინგტონის მოსმენის გამო მიღებული."

რამდენი წუთი/საათი გჭირდებათ გამოსაფხიზლებლად? ჩემს რეკორდს მაინც ვერავინ მოხსნის :)


1 Response to "დილა მშვიდობისა"

  1. Anonymous Says:
    April 23, 2011 at 5:21 PM

    მაგარი იყო, პოსტიც და ვიდეოც : ))