საგვარეულო რელიქვია

                 –შვილო, შენ დღეს სრულწლოვანი გახდი და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, უნდა გადმოგეცეს საგვარეულო რელიქვია, რომელსაც მოუფრთხილდები და მომავალ თაობას გადასცემ. სწორედ ეს დაამტკიცებს, როცა საჭირო იქნება, რომ ჩვენ –ყოველთვის უფრო ადრე ვიყავით. ამ უმნიშვნელოვანესი ნივთის ფლობის უფლება კი იმიტომ გვაქვს, რომ სწორედ ჩვენი წინაპარი იყო ის კაცი, რომელმაც პირველად მიაკაკუნა კარზე...
                 დაბნეულმა ახალგაზრდამ ცნობისმოყვარედ შეათვალიერა სეიფიდან გამოღებული ხის ყუთი. ხნიერმა მამაკაცმა ყუთს ახადა და იქედან ძველთაძველი თოკით შეკრული ორად გატეხილი თიხის ბოთლი ამოიღო. თოკი მოაძრო, ბოთლის ნატეხები ერთმანეთს მოაშორა და ყუთის ძირზე დავარდნილი გაცრეცილი, თხელი ტყავის ნაჭერი ბიჭს მიაწოდა. ტყავზე გაურკვევლი ასოებით ნაწერი ტქსტი იყო. მამაკაცმა ახლა ფურცელი გაუწოდა, რომელზეც უკვე ნაცნობი ასოებით დაბეჭდილი თარგმანი ეწერა:
               „...უკვე რამოდენიმე თვეა, რაღაც დიდ ლოდს წამოვედეთ და აღარ ვტივტივებთ. ხელახლა მოგვიწია უძრავ ფიცრებზე სიარულის სწავლა. ისევ მაწუხებს დრაკონისგან დამწვარი ხელი,  ერთი წელი  გავიდა და კიდევ არ შემიხორცდა. ფასკუნჯისგან დაკორტნილი მხარი თითქმის მომირჩა. ახია მაგათზე, მაგიტომაც დავტოვე. მწერების ბზუილს კარგა ხანია შევეჩვიეთ, მაგრამ სპილოების ყვირილმა და სკუნსების სუნმა აგვიკლო. ხუთი–ექვსი თვეა მაიმუნების წყვილს ვწრთნი, თითქმის ყველაფერი ისწავლეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ხვლიკებმა გამაწამეს,  დამალობანას მეთამაშებიან. ზოგჯერ რომ ვერ ვხედავ, გული მისკდება, ხომ არ გაიპარნენ–მეთქი და თურმე ამ დროს ფიცარს ან მწვანე ფოთოლს აკრულებს ფერი შეუცვლიათ და აღარ ჩანან. ყველაზე უფრო ბეჰემოთებმა გამაწვალეს, წყალს რომ ხედავენ, ლეწავენ ყველაფერს – ჩაყვინთვა უნდათ. ეს მტრედების ამბავი ძალიან მანერვიულებს – არ მოსწონთ ერთმანეთი და მოკალი თუ გინდა. ჩემი ბრალია, სხვადასხვა მდედრი და მამრი ავიყვანე და ვერ ივიწყებენ თავიანთ „ყოფილებს“. ღამ–ღამობით ჰეპარდების შეჯიბრებებს ვაწყობთ, ისინიც მუხლს მართავენ და ჩვენც დრო გაგვყავს. ყოველთვის ვაგებ უფროს შვილთან – სულ მისი ჰეპარდი იმარჯვებს. რა ლომები, რის ვეფხვები, კიდევ კარგი, მგლები მეხმარებიან, თორემ ამდენ ცხოველს როგორ გავაჩერებდი – მთლიანი სივრცე ტერიტორიებად დაყვეს და ყველა თავისას უვლის.
            ერთი წელია ამ ცხოველებს და მცენარეებს ვათვალიერებ. მართლაც ულევი ფანტაზია და იუმორის გრძნობა ჰქონია, დაილოცოს მისი სახელი. ყველა მათგანს ვიცნობ და შვილივით მიყვარს. შვილებზე გამახსენდა, მგონი ზედმეტად დავსაჯე ნაბოლარა – ორი თვის წინ, ერთ საღამოს, ბეჰემოთები ძლივს რომ შევრეკეთ გალიაში, დაღლილზე რამოდენიმე ჭიქა გადავკარი და მაშინვე ჩამეძინა. უფროსებმა სასწრაფოდ ენა მომიტანეს – დაგცინოდაო. ჰოდა, მეც სახურავზე ავუშვი და სამი დღე იქ გამოვკეტე. მზეზე ისე გაშავდა საწყალი, აგერ ორი თვე გადის და კიდე არ გადასვლია ფერი.
             ისე შევეჩვიე აქაურობას, აღარც კი მჯერა, სხვანაირადაც რომ უნდა ვიცხოვრო. მაგრამ უკვე დროა – დასრულდა ჩვენი მოგზაურობა. ორი კვირის წინ ყორანი რომ გავუშვი და დაიკარგა, გულში გამიხარდა კიდეც. ერთი კვირის წინ მტრედი გავუშვი და ვფიქრობდი, ეს წერილი ბოთლში ჩამეგდო და წყალში მომესროლა. გუშინ კარზე კაკუნი გავიგონე. მტრედი მეგონა. კარი გავაღე და ვიღაც შავგრემანი, ხშირწარბებიანი  კაცი დამხვდა, ჩემი ნისკარტშიტოტგაჩრილი მტრედი იღლიაში ყავდა ამოჩრილი, მეორე ხელში გაპუტული ყორანი ეჭირა. თვალისმომჭრელად გამიღიმა, ფრინველები მომაჩეჩა და გარეთ გამიყვანა.  მთის წვერზე ვყოფილვართ. გადავხედე დედამიწას – წყალი თითქმის დამშრალიყო.  შავგრემანმა კაცმა რაღაც ცეცხლოვანი სითხე დამალევინა და საოცარი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი – გამახსენდა ჩემი ოჯახი, ცხოველები და მცენარეები. უჰ, რამდენი საქმე მაქვს, ალბათ ხუთი –ექვსი საუკუნე აღარ მოვიწყენ...“
           ახალგაზრდამ ჩაფიქრებულმა გაიხედა ფანჯარაში, რომელშიც მზეზე აბრჭყვიალებული სევანის ტალღები მოჩანდა.

1 Response to "საგვარეულო რელიქვია"