not happy, but still birthday



ამასობაში ჩემი ბლოგი 1 წლის გამხდარა. არადა, როგორც ყველა დაუგეგმავ–მოუფიქრებელი ექსპერიმენტი, ესეც მალევე წარუმატებლად უნდა დამთავრებულიყო. პროგნოზის პირველი ნაწილი  გამართლდა, მაგრამ აი ალოგიკურად სიცოცხლისუნარიანი კი გამოდგა. შიგადაშიგ ლეთარგიულ ძილშიც ვარდებოდა, მაგრამ ვეშაპივით ცალი თვალი მაინც ჰქონდა გახელილი. ბლოგს თვალი რომ გადავავლე, "ჩვილობის" პერიოდის პოსტები ბევრად ჯობია ბოლოდროინდელს.ასე რომ, ჯობია ახალგარზდობის პერიოდი გამოტოვოს და პირდაპირ სიბერეში შევიდეს.დიდი შორსმიმავალი პერსპექტივები და ამბიციები არც მანამდე ჰქონია და 12ფურცლიანი მწვანე რვეულის შემცვლელად ასეთიც გამოდგება. თავისებური სარგებლობა მაინც მოიტანა – აღმოაჩინა ბევრი საინტერესო ბლოგი, ანუ ის, რაც თავად ვერ შეძლო. გულისამაჩუყებელი წინადადებების მოფიქრება მეზარება – აი, სულ რომ ჩემთანაა, ჩუმად რომ მელოდება, ყველანაირ ხასიათზე მყოფს მიტანს, ყველაზე კარგად ესმის ჩემი და ა.შ. და ა.შ. მითუმეტეს, რომ ბოლო წინადადება (საბედნიეროდ) არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. ერთი სიტყვით, ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემს სასტუმრო ოთახში დრო დაკარგა, სამზარეულოდან გამომავალ ჭორებს მოუსმინა და აივნის ხედები დაათვალიერა. თავად ბლოგს კი ვუსურვებ, გამოსულიყოს იმ ძველი სანთებელას მდგომარეობიდან, მარტო ჩხაკუნი და ერთი–ორი ნაპერწკლის გაყრაღა რომ შეუძლია.

 

2 Response to "not happy, but still birthday"

  1. Keti says:
    November 28, 2011 at 2:00 AM

    მე მომწონს შენი სასტუმრო და სამზარეულო და აივანი, სიამოვნებით მოვდივარ აქ, ასე რომ, happy birthday!
    დატენე სანთებელა :)

  2. makdoli says:
    November 29, 2011 at 2:31 AM

    სტუმარი ღვთისაა, welcome :)
    დიდი მადლობა მოლოცვისთვის :)