esinao nagita

        ცხოვრების ეს ეპიზოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო გავიდა, საკმაოდ და იმაზე მეტად ხშირად მახსენდება, ვიდრე ამის სურვილი მაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთლად ხალისიან გუნებაზე ვერ ვარ.
       7 წლის რომ ვიყავი, დედამ მუსიკაზე მიმიყვანა. ამიტომ თუ იმიტომ, პირდაპირ მეორე კლასში დამსვევს. მალევე მოვახერხე მუსიკის შეძულება და ისმოდა ყოველდღე და მთელი დღე სახლში – „დაჯექი, იმეცადინე!“
      მესამე კლასში სხვა მასწავლებელთან გადამიყვანეს. პირველი მასწავლებლისგან განსხვავებით, ქალბატონი  ნათელა საკმაოდ სიტყვაძუნწი, არაქართული გარეგნობის და სტილის ქალბატონი აღმოჩნდა. მის ლაპარაკს, მანერებს, ვარცხნილობასაც კი, შინაგანი, რაღაც ფრანგულ–არისტოკრატული პეწი დაჰკრავდა. იქაური სკოლის მასწავლებლებს თითქმის არ ეკონტაქტებოდა. არ ვიცი, 8 წლის ბავშვი როგორ მივხვდი, მაგრამ
პირველივე დღეებიდან ვიგრძენი მისგან მომავალი რაღაც აუხსნელი, განსაკუთრებული სითბო. არც ჩემთან და არც, მითუმეტეს, სხვა მოსწავლეებთან, ზედმეტად არ გაშინაურებულა და დამახასიათებელი, თბილი ღიმილი რომ არა, საკმაოდ ცივ, უხეშ და უკარება ადამიანად ჩაითვლებოდა. სრულიად შეუმჩნევლად და ბუნებრივად მოახერხა ჩემში მუსიკისადმი ინტერესისა და, როგორც მერე მივხვდი, სიყვარულის აღძვრა.  გარკვეულწილად ეს იმ ძალიან საინტერესო რეპერტუარის დამსახურება იყო, რომელსაც ყველა მალე მიეჩვია და მოუთმენლად ელოდებოდა ხოლმე სკოლის დირექციაც. სხვა ბავშვებივით ჰაიდნის, ჩერნის და ბახის ნაწარმოებებს შიგადაშიგ, სავარჯიშოდ თუ მომცემდა. სულ უცნაურ, იაპონელ, ნორვეგიელ და სხვა ნაკლებად ცნობილ და ძალიან რთულ ავტორებს მაძლევდა. არც ერთ კონკურსსა თუ კონცერტს არ ვაკლდი და თითქმის სულ ვიმარჯვებდი. მეექვსე კლასიდან ტექნიკუმის დამამთავრებელ პროგრამას ვუკრავდი და მეშვიდე კლასში ატესტატი რომ ავიღე, მერვეშიც დავრჩი...
    ამ დროისათვსის უკვე სერიოზული პრობლემის წინაშე ვიდექი – კიდევ ერთი წელიწადი თუ დავრჩებოდი, ტექნიკუმს დავასრულებდი და კონსერვატორიის მეორე კურსზე დამსვამდნენ( სკოლის მოსწავლეს). ამავე დროს სულ სხვა გეგემები მქონდა – არჩეული პროფესია და ინსტიტუტი. ბევრი ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ მუსიკისთის თავის დანებება და სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. 
        ამ გადაწყვეტილებასაც ოლიმპიური სიმშვიდითა და თბილი ღიმილით შეხვდა...
        მერვე კლასის ბოლოს დიდი კონცერტი გვქონდა და ბოლო კვირას სახლში დამიბარა. მე და დედაც პირველად მივედით მასთან სახლში. ორი პიანინო და ძალიან ლამაზი ფარდები ჰქონდა. ჩაით და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა. თავისი ნახატები გვაჩვენა – 3 წლის ასაკში დახატული ულამაზესი მეცვხარე გოგონა პატარა ქუნქულა ცხვრებით და 19 წლის ასაკში დახატული თმაგაჩეჩილი პიანისტი, რომელსაც იმხელა ემოცია ეწერა სახეზე, რომ ქაღალდიდან მელოდიაც კი ისმოდა...
      სულ ორი ნახატი ჰქონდა.
     თითქმის 2 საათიანმა გაკვეთილმა მალე ჩაიარა. გამომშვიდობებისას შევამჩნიე, რომ მეორე პიანინოს თავზე ახალგაზრდა ბიჭის სურათი ეკიდა... შავთეთრი... შავ ჩარჩოში.
           იმ საღამოს დედამ მომიყვა ის, თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული, ისტორია, რომელიც ქალბატონ ნათელას და მის შვილს შეემთხვათ – უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდამ თავისი ოცნების ქალიშვილი ცოლად მოიყვანა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მეუღლემ შვილი გაუჩინა და შუა „გეპეის“ დერეფანში გამოუცხადა, რომ შვილი სხვისგან ჰყავდა და ქმარი მხოლოდ ბავშვისთვის გვარის მისაცემად ჭირდებოდა. იმ ავადსახსენებელ დერეფანში, მისდა საუბედუროდ,  ქალბატონი ნათელაც იმყოფებოდა. არ ვიცი, რა სულიერი მღელვარება გადაიტანა ახლაგაზრდა ბიჭმა, რომელსაც მთელი თავისი სიყვარული და ოჯახი წამში დაემხო თავზე, და ასევე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რას გრნობდა დედა, რომელმაც ფანჯრის რაფაზე ამხტარ ერთადერთ შვილს ხელი წაავლო, მაგრამ ვერ შეაჩერა და ახალგაზრდა, ლამაზი სიცოცხლე იქვე, ინსტიტუტის ეზოში დასრულდა.
             ეს ამბავი თავად ქალბატონ ნათელას არასდროს მოუყოლია ჩვენთვის. ერთადერთი, რაც დედაჩემს უთხრა, ის იყო, რომ ბოლო წამზე, ხელი რომ წავავლე, მგონი ნეკა თითი მოვტეხე და ბოლო შეგრძნება ჩემგანაც კი ტკივილი გაყვაო. ძალიან განიცდიდა ამას.
         ჩემმა ბოლო კონცერტმა შესანიშნავად ჩაირა. საღამოს, როცა საბოლოოდ გამოვევმშვიდობე ჩემს მასწავლებელს, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, მხოლოდ შენ გაძლევდი იმ ნაწარმოებებს, ჩემი დათო რომ უკრავდაო...
       ალაბათ წვიმის ბრალი იყო, სახლისკენ მიმავალ ავტობუსის ფანჯრიდან გარკვევით რომ ვერ ვხედავდი ნაცნობ ქუჩებს. თუმცა მაშინ ერთში კი დავრწმუნდი – სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მუსიკას თავი რომ დავანებე.
       მას შემდეგ არ მინახავს...სამწუხაროდ.

2 Response to "esinao nagita"

  1. Anonymous Says:
    November 21, 2011 at 7:12 AM

    : |

  2. Keti says:
    November 28, 2011 at 1:56 AM

    რა ვთქვა არ ვიცი, ისე იმოქმედა

    დასაწყისში ჩემი მუსიკალური სკოლის ამბები გამახსენა, თუმცა რა მოსატანია...