ყულაბა

   
ბაჩუნა სულ პატარა რომ იყო, ძალიან ჭკვიანი და წყნარი ბავშვი ყოფილა. –სულ არ ცელქობსო?, – რომ იკითხავდნენ, ბებო ღიმილით პასუხობდა : –არა, რას ამბობთ, საერთოდ არ გვაწუხებს, მთელი დღე თავისთვის დაბაჩუნობსო. ჰოდა, ასეთ სახელსაც იმიტომ ეძახიან.
    ახლა კი ბაჩუნა  შვიდი წლისაა, წაბლისფერი ნაწნავები აქეთ–იქეთ გაფშეკვია და უკვე საოჯახო საქმეებში ეხმარება დედას და ბებიას. მისი საყვარელი საქმიანობა წიგნების თვალიერება და ბაბუსთან ერთად პარკში სეირნობაა. ისევ ისეთი ჭკვიანია, ოღონდ ეგაა – სულ ტკბილეულისკენ გაურბის თვალი და ხელი და საშინლად არ უყვარს თმის შეჭრა. უკვე პირველი კლასიც დაამთავრა, არდადეგებიც დაეწყო და ერთთავად იმის ფიქრშია, თავი როგორ გაირთოს.
    ერთ დღესაც აიჩემა, ყულაბა მინდაო. მოატარეს მაღაზიები, როგორი ყულაბა აღარ ნახეს: ფისუნიები და გოჭები, მულტფილმებისა და ზღაპრის პერსონაჟები, სახლები და სათამაშო ბანკიც კი. ზოგიერთი ყულაბა ფულის ჩაგდებისას ინთებოდა და მღეროდა კიდეც. მაგრამ ბაჩუნამ ყველა დაიწუნა: ამ ყულაბებიდან ჩაყრილი ხურდის უკან ამოღება ადვილია და ვერ შევაგროვებო. ბოლოს სახლში რომ მივიდნენ, დედამ 


კარადიდან მოზრდილი მინის ქილა გამოიღო, თავი მოუხუფა, პატარა ჭრილიც გაუკეთა და წინ დაუდგა:
    –აი, აქედან ხურდას ვერ ამოიღებ, თან შეგიძლია გარედან მორთო და შენნაირი ყულაბა არავის ექნებაო.
    აღფრთოვანებული ბაჩუნა მაშინვე საქმეს შეუდგა. ჯერ ფერად ფურცლებზე სხვადსხვა ფიგურებს ხატავდა, თან მოკუმული პირიდან გამოჩრილ ენის წვერს ფანქრის მოძრაობას აყოლებდა. შემდეგ ჭრიდა და ქილას აწებებდა. მიკრულ ნახატებს დიდხანს უტყაპუნებდა ხელისგულს –კარგად მიეწებოსო. ბოლოს ქილა მზად იყო და პირველი მონეტაც დიდი ზარ–ზეიმითა და ტაშით ჩაუშვეს.
    იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სახლში მოსულ ნებისმეირ ოჯახის წევრს ჯერ სპეციალური რიტუალი უნდა შეესრულებინა. თავიდან ბაჩუნა ტანსაცმელსაც კი იცვლიდა, მაგრამ ერთხელაც სამსახურიდან მოსულმა დაღლილმა მამამ საკმაოდ ხმამაღლა გააპროტესტა და გამოცვლის ეტაპიც ამოვარდა. ცერემონია ასე გამოიყურებოდა: ზარის გაგონებისთანავე ბაჩუნა ამაყად გამოაბრძანებდა სახელგანთქმულ ქილას, წინკარის ტუმბოზე ცარცით გაკეთებულ სპეციალურ ვარდისფერ ნიშნულზე დადგამდა და კარს აღებდა. შემოსულს ხელის ჰაეროვანი მოძრაობით ხურდა უნდა ჩაეყარა, თავი მდაბლად დაეკრა და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა შემოსვლის უფლება. კმაყოფილი ბაჩუნა ქილას ისევ თავის ადგილას – ლოგინის ქვეშ შეაბრძანებდა. თვითონ ხომ სულ ძირს ხოხავდა –ხურდას ეძებდა, თუმცა დიდი ხანია სახლში ხურდის ჭაჭანება აღარ იყო, თვით საერთო ოთახში მდგარი უშველებელი კარადის უკანაც კი.  ამ ძიების პროცესში ბევრი სასარგებლო ნივთიც იპოვა: დაკარგული თმის რეზინი, ბოლოშემოღეჭილი ფანქარი, ნარდის კამათელი და სხვა.
    ერთ დღესაც, როდესაც ყულაბა უკვე ნახევრამდე სავსე იყო, მამას გენიალური კითხვა დაებადა, რომლის დასმასაც ბაჩუნა ქილის გაყულაბების პირველი დღიდან ელოდა და , ცოტა არ იყოს, ნაწყენიც კი იყო, რომ არ ეკითხებოდნენ.
    –აბა, ნინი ( მამა ყოველთვის სახელით მიმართავდა), რა უნდა იყიდო ფულს რომ შეაგროვებ?
    – ლეკვი!– სიხარულით წამოიძახა ბაჩუნამ.
    –ლეკვი?– შეფიქრიანდა მამა და დედას გადახედა.
    –არა, ბაჩუნა, – უთხრა დედამ და თავზე ხელი გადაუსვა, – ლეკვს ვერ ვიყიდით, ძალიან პატარა სახლი გვაქვს, აქ როგორ იცხოვრებს, თან ძაღლს იმდენი მოვლა უნდა, ვინ მოიცლის მაგისთვის? იცი რა, მე მგონი უკეთესია ველოსიპედი იყიდო.
    –აბა რა,–გამოცოხლდა მამა,–ველოსიპედი ჯობია, აი, დათუნას რომ ყავს ისეთი, ან თუნდაც შენს მეგობარ ლიზის, თუ გინდა შენთვის წითელი ვიყიდოთ.
    ბაჩუნა უხმოდ შეტრიალდა და თავის ოთახისკენ წავიდა. კართან მისული მოტრიალდა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა:
    – არ მინდა წითელი, მწვანე მირჩევნია,– უხალისოდ თქვა და ოთახში შევიდა.
    იმ დღის შემდეგ მამა ცდილობდა, ბაჩუნა ველოსიპედის საჭიროებაში დაერწმუნებინა. ფანჯრიდან დაანახებდა ხოლმე, როგორ დაქროდნენ ბავშვები ეზოში. ბაჩუნამაც სცადა ერთი–ორჯერ ლიზის ველოსიპედი გაეტარებინა. მართალია, არ გამოუვიდა, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ველოსიპედის ტარება მოეწონა. ხოლო მას შემდეგ, რაც მამამ წინასწარ უყიდა ველოსიპედზე დასამგრებელი ლამაზი ჭრელი კალათა, საბოლოოდ დარწმუნდა გადაწყვეტილების სისწორეში. ოღონდ ეგ იყო, რომ თავისი საყვარელი წიგნი –„მურიკელა ღრრ“–რომელსაც ყოველ საღამოს თითის გაყოლებით ხმამაღლა კითხულობდა, კარადაში შედო და დაივიწყა.
    ერთხელაც ბაჩუნა ავად გახდა. სიცხიანი ლოგინში იწვა და სულ ეძინა. ახალგამოღვიძებული შემთხვევით ლოგინზე ჩამომხსდარი დედ–მამის საუბარს შეესწრო:
    –რომ ვისესხოთ ცოტა?–ეკითხებოდა დედა მამას.
    –არა, არ ღირს, შენზე უფრო მინდა მანქანის ყიდვა, მაგრამ იმ ნასესხებსაც ხომ უკან დაბრუნება უნდა? ჯობია მოვითმინოთ, ფული ბოლომდე შევაგროვოთ და ისე ვიყიდოთ.
    ბაჩუნა კიდევ ორი დღე იწვა ლოგინში. მართალია, სიცხე აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალიან სერიოზული და ჩაფიქრებული ჩანდა.
    მშვენიერი დილა გათენდა. ბაჩუნასაც მისცეს ადგომის უფლება. მთელი ოჯახი დიდ მაგიდასთან შეკრებილიყო საუზმის მოლოდინში. უცებ ოთახში ბაჩუნა შემოვიდა, ხვნეშითა და წვალებით მაგიდაზე მოზრდილი ფუთა შემოდო და პირი მოუხსნა. ფარდებს შორის გამომძვრალ მზის სხივებზე პატარა ვერცხლისფერი გორაკი აელვარდა : ოც და ორმოცდაათეთრიანები, ერთ და ორლარიანები და მინის პატარა ნამტვრევები ბრჭყვიალებდნენ და ელვარებდნენ. უფრო მეტად კი ბაჩუნას უბრწყინავდა სახე.
    –მამა, რად მინდა ველოსიპედი, მანქანა არ ჯობია? ყველა ერთად ჩავეტევით და უფრო შორსაც გავისეირნებთ ხოლმე.
    აბა, რა იცოდა შვიდი წლის გოგონამ, რომ იმ ფულით ერთ ბორბალსაც ვერ იყიდდნენ. მამას კი დიდხანს ჰყავდა გულში ჩაკრული და თმებზე ეფერებოდა.
    მეორე დღეს მამა და ბაჩუნა ტაქსით სახლში ბრუნდებოდნენ. ბაჩუნას კალთაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ყველაზე ფუმფულა ლეკვი ესვა. ლეკვს სველი დრუნჩი გოგონას მკლავში ჩაემალა და ეძინა.

0 Response to "ყულაბა"