საჩუქარი


            პარკში ახლა უკვე სამნი სეირნობენ: ბაბუა, ბაჩუნა და ტუსა. ტუსა პატარა ლეკვია, სულ რამდენიმე კვირაა, რაც ბაჩუნას მეგობარია და მთელ ოჯახს თავი შეაყვარა. მსოფლიოში ყველაზე ფუმფულა, საყვარელი და მოუსვენარია. ახლაც აქეთ–იქეთ დასუნსულებს, ყველგან ცხვირს ჰყოფს და ბუჩქებში თუ რამე გაფაჩუნდა, გულგახეთქილი მორბის უკან. ბაჩუნა და მის ბაბუ კი დინჯად მიახრაშუნებენ პარკის წითელ ქვიშას, ბაბუა ერთმანეთზე უფრო საინტერესო და სახალისო ამბებს ჰყვება და ბაჩუნასაც ისე ხშირად ავიწყდება თავისი ნაყინი, სადაცაა ახალ ცისფერ მაისურზე ჩამოეწუწება.
           ხეივანში ბაბუს მეგობარი თედო გამოჩნდა. ერთმანეთს მიესალმნენ, ცოტა ხანი ისაუბრეს და დამშვიდობებისას ბაბუმ უთხრა:
            –ხვალ საღამოს, არ დაგავიწყდეს!
            –შენს იუბილეს რა დამავიწყებს!–გაუღიმა თედომ, ხელი აუწია და ხეებს მიეფარა.
      ბაჩუნას ნერწყვი გადასცდა. ეს როგორ დაავიწყდა, ხვალ ხომ ბაბუს დაბადების დღეა, მას კი საჩუქარი არ მოუმზადებია. თუმცა ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია და პარკიდან მობრუნებულს საჩუქარი უკვე მოფიქრებული ჰქონდა.



      სახლში მივიდნენ თუ არა, საქმეს შეუდგა: მოიმარაგა ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, მაკრატელი, ფერადი ფურცლები და ხატვა დაიწყო. ტუსამ ბევრჯერ მიაკითხა, ხან სახელოზე მოქაჩა, ხან კაბის ბოლოს წაავლო პირი, მაგრამ ბაჩუნას არ ეცალა და ბოლოს ოთახიდანაც კი მიაბრძანა. ორი საათის შემდეგ სხვადასხვა ფრად მოთხუპნული ბაჩუნა კმაყოფილი ათვალიერებდა თავის შემოქმედებას – მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მისალოცი ბარათი მზად იყო. ბაჩუნამ ბარათი თავის საწერ მაგიდაზე დააბრძანა.
      საღამოს ბაჩუნა სტუმრად წაიყვანეს. ბევრი წკმუტუნის მიუხედავად, ტუსას დარჩენა მოუწია. სახლში მობრუნებულ ბაჩუნას ოთახში საშინელი სურათი დახვდა: დაკუჭულ–დაგლეჯილი მისალოცი ბარათი ლოგინის ქვეშ ეგდო, იატაკზე სველი ნაფლეთები ეყარა. სავარძლის ქვეშ შემძვრალ ტუსას პატარა ნაგლეჯი ცხვირზე მიკრობოდა და მოძრობას ცდილობდა.
     ბაჩუნა პირდაპირ იატაკზე დაჯდა და ღრიალი ამოუშვა. ოთახში უფროსები შემოცვივდნენ.
       –ნახეთ... სულ დაგგ...ლიი..ჯააა...ბა..ბუს..თვის უნდა მე..ჩუ..ქებინააა! –გულამოსკვნილი ზლუქუნებდა გოგონა. ბაბუმ გულში ჩაიკრა,
        –არა უშავს, ჩემო პატარა, ნუ ტირი, – თმებზე ეფერებოდა და ამშვიდებდა,– ამდენ ნერვიულობად არ ღირს. თანაც მე უკვე მოფიქრებული მაქვს, რა უნდა მაჩუქო.
ბაჩუნამ პირი დააღო და ტირილიც მაშინვე დაავიწყდა. ბაბუმ რაღაც უჩურჩულა ყურში. ბაჩუნა ჯერ უარზე იყო: „მრცხვენიაო“, მაგრამ ხანმოკლე კამათის შემდეგ რაღაცაზე შეთანხმდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
          მეორე დღეს სტუმრები შეიკრიბნენ. ყველანი კეთილი და მხიარული ბაბუები იყვნენ, მაგრამ ბაჩუნას ბაბუას, რასაკვირველია, ვერ ჯობდნენ. მამა, ბაბუა და მისი მეგობრები მაგიდას მიუსხდნენ. ლამაზად გამოწყობილი ბაჩუნა სტუმრებსა და სამზარეულოს შორის დაცუნცულებდა და დედასათან და ბებიასთან სუფრის ამბები მიჰქონდა.
         მოსაღამოვებულზე ბაბუა წამოდგა და სტუმრებს მიმართა:
         –ძვირფასო მეგობრებო, ახლა კი ჩემი ყველაზე ძვირფასი საჩუქრის დროც დადგა!
         ოთახში დარცხვენილი ბაჩუნა შემოვიდა, წინასწარ გამზადებულ სკამზე აძვრა და ... სიმღერა დაიწყო. თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა – ბაბუებზე. სტუმრები მოწონების ნიშნად თავს აქნევდენ და იღიმებოდნენ. თედო ბაბუა კი ჩუმად ცრემლებს იწმენდდა. ბაჩუნამ იცოდა რატომაც – დიდი ხნის წინ თედო ბაბუას პატარა შვილი ანგელოზებმა ზეცაში წაიყვანეს და მას შემდეგ არც შვილები ჰყავდა და არც შვილიშვილები. ამიტომ ბაჩუნა სიმღერის დროს სულ მას უყურებდა და გულში გრძნობდა, რომ ცოტათი მასაც უმღეროდა.
          სიმღერა დამთავრდა და ფეხზე წამომდგარმა სტუმრებმა მქუხარე ტაში დასცხეს. ლოყებაწითლებული, ბედნიერი ბაჩუნა ბაბუს ჩაეხუტა. მერე ოთახიდან გაიქცა და ტუსას გაეთამაშა – შეურიგდა.
          იმ ღამეს ბაჩუნამ უცნაური სიზმარი ნახა: თითქოს ბაბუას ლამაზ ქაღალდში გახვეული ყუთი მიართვა. ბაბუამ ლენტები შემოაცალა და გახსნა. ყუთიდან იისფერ სიმღერა ამოფრინდა და ჰაერში ლივლივი დაიწყო. ოთახი სხვადასხვაფრად განათდა და ყველაფერი აბრჭყვიალდა. უეცრად სიმღერა ბაბუასკენ გაფრინდა და გულში ჩაეღვარა...
დილით ბაჩუნას ადრე გაეღვიძა. ტუსა საბანზე ექაჩებოდა. ოთახში ბაბუა შემოვიდა, შვილიშვილს აკოცა და ისევ გასვლას რომ აპირებდა, უცებ შემობრუნდა, გულზე ხელი მიიდო – აქ მაქვსო,– თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
          ლოგინზე წამომჯდარი გაოცებული ბაჩუნა ვეღარ მიმხვდარიყო, ცხადი იყო თუ სიზმარი.

0 Response to "საჩუქარი"